მომდევნო მეტოქე დიდი სლემის ჩემპიონია | ბოლქვაძე სამსუნის ჩელენჯერის მერვედფინალშია
მარიამ ბოლქვაძე თურქეთში ასპარეზობს და სამსუნის ჩელენჯერის მერვედფინალში გავიდა. 1/16-ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ლეოლია ჟანჟანს დაუპირისპირდა და ფრანგი მეტოქე ორ სეტში დაამარცხა.
ბოლქვაძემ მატჩი არც თუ ისე კარგად დაიწყო და საწყისი სამივე გეიმი დათმო, თუმცა საკუთარი თამაში იპოვა და სეტი შემოაბრუნა. მარიამმა ბრწყინვალედ ითამაშა, ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და პირველი პარტია 6:3 დახურა.
მეორე სეტის პირველ გეიმში ჟანჟანმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა ბოლქვაძემ საქმე ბოლომდე დომინანტურ სტილში მიიყვანა. მარიამმა ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო და 6:1 იმარჯვა.
მერვედფინალში ბოლქვაძე ბიანკა ანდრეესკუს დაუპირისპირდება. კანადელი ჩოგბურთელი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებულია და 2019 წელს US Open-ი მოიგო. ამ მომენტისთვის ის მსოფლიოს 172-ე ჩოგანია.