კარლოს ალკარასი, ალექსანდრ ზვერევი
Aa
Aa

ალკარასმა შემაჯამებელი პირველად მოიგო - ოცდამეათე ტიტული კარიერაში

იტალიის ქალაქ ტურინში გამართული მამაკაც ჩოგბურთელთა 2026 წლის შემაჯამებელი ტურნირი კარლოს ალკარასის გამარჯვებით დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში 23 წლის ესპანელმა გერმანელი ალექსანდრ ზვერევი ორ სეტში, 6:2, 7:6 დაამარცხა და წლის შემაჯამებელი გათამაშება კარიერაში პირველად მოიგო. მოპოვებული გამარჯვებით ალკარასმა ამ ტურნირისთვის სარეკორდო თანხა 5,17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და კარიერული შემოსავალი 74,3 მილიონამდე გაზარდა.

შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა და რეიტინგის პირველი ნომერი ალკარასისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, განსაკუთრებით კი ეს მეორე სეტზე ითქმის, სადაც საქმე ტაიბრეიკამდეც მივიდა, თუმცა ესპანელმა საკუთარი უპირატესობა აქაც აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ალკარასის ანგარიშზე 7 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა და 7-დან 4 რეალიზებული ბრეიკ-პოინტია. რაც შეეხება ზვერევს, მან 4 ეისი შეასრულა, 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა და 5-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

ცნობისათვის, კარლოს ალკარასი ანდრე აგასის, როჯერ ფედერერისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შემდეგ გახდა ისტორიაში მეოთხე ჩოგბურთელი, რომელსაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირის გარდა, წლის შემაჯამებელი გათამაშებაც მოგებული აქვს. გარდა ამისა, კარლოსი მხოლოდ მესამე ესპანელია, რომელმაც შემაჯამებელ გათამაშებაში გაიმარჯვა - წარსულში ამის გაკეთება მანუელ ორანტესმა (1976) და ალექს კორეჩამ (1998) შეძლეს. აქვე გეტყვით, რომ 23 წლის ალკარასმა 2026 წელს მეექვსე, კარიერაში კი ოცდამეათე ტიტული მოიგო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მეცის ჩელენჯერი - ბასილაშვილი ნაადრევად დანებდა
    მეცის ჩელენჯერი - ბასილაშვილი ნაადრევად დანებდა