„როდესაც კორტზე გადიხარ, მნიშვნელობა არ აქვს, რა ფერის კანი გაქვს, საიდან ხარ ან რამდენი ფული გაქვს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, თუ როგორ თამაშობ“ - ეს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, სერენა უილიამსის სიტყვებია, რომელიც მის მიდგომას ასახავს ცხოვრებისადმი.
სერენა გახდა ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი არა მხოლოდ ჩოგბურთში, არამედ მსოფლიო სპორტშიც. ის იგებდა ტურნირებს და ცვლიდა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ქალი სპორტსმენი.
თავისი მძლავრი ჩაწოდებით, უშიშარი თამაშით და დამახასიათებელი საჩემპიონო ყიჟინით, უილიამსი ყოველ ჯერზე, როდესაც კორტზე გადიოდა, სტერეოტიპებს ამსხვრევდა. „მე მინდოდა, ვყოფილიყავი ხმა მათთვის, ვისაც ის არ აქვს“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
და მართლაც, გოგონა ღარიბი რაიონიდან, გახდა იმის სიმბოლო, რომ სოციალური წარმომავლობა ნამდვილ ნიჭსა და რკინის ნებისყოფას ხელს ვერ შეუშლის.

ბავშვობა
მომავალი ჩემპიონი 1981 წლის სექტემბერში, მიჩიგანის ქალაქ საგინოში დაიბადა. ოჯახმა მისი დაბადების შემდეგ იქ მხოლოდ პირველი რამდენიმე წელი იცხოვრა, რადგან სერენას მშობლები ხშირად იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს.
სერენა და ვენუსი რიჩარდ უილიამსისა და ორასინ პრაისის საერთო შვილები არიან. მათი უფროსი დები – იეტუნდე, იშა და ლინდრეა, ნახევარდები არიან დედის წინა ქორწინებიდან.
ორასინთან შეხვედრამდე რიჩარდიც იმყოფებოდა ქორწინებაში, რომლის შვილებიც განქორწინების შემდეგ მის პირველ მეუღლესთან დარჩნენ საცხოვრებლად.
მართალია, უილიამსების ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა არ იყო, მაგრამ არც შეძლებულები იყვნენ. დედა მედდად მუშაობდა, ხოლო მამა დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო.
სერენას და მისი დის საჩოგბურთო კარიერა უპირველეს ყოვლისა, სწორედ მამას უკავშირდება.
ერთხელ რიჩარდი ტელევიზიით უყურებდა, როგორ მიიღო რუმინელმა ჩოგბურთელმა, ვირჯინია რუზიჩიმ ტურნირში გამარჯვებისთვის 40 000 დოლარის ჩეკი.
„თანხამ შოკში ჩამაგდო. ვერ ვიგდებდი თავიდან - ამდენი ფული სულ რამდენიმე დღის თამაშისთვის?“ - იხსენებდა ის მოგვიანებით.
ამ მომენტში რიჩარდის გონებაში გეგმა დაიბადა. ჩოგბურთში არანაირი გამოცდილების გარეშე, მან გადაწყვიტა, რომ მისი ჯერ არ დაბადებული ქალიშვილები ჩემპიონები გახდებოდნენ.
მან დაწერა მათი სპორტული კარიერის 78-გვერდიანი გეგმა და დაიწყო ჩოგბურთის დამოუკიდებლად შესწავლა წიგნებისა და ვიდეოჩანაწერების მეშვეობით.
როდესაც სერენას სამი წელი შეუსრულდა, მამამ ის და ხუთი წლის ვენუსი კომპტონის საჯარო კორტებზე მიიყვანა - ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე კრიმინალურ რაიონში. სავარჯიშო ადგილის არჩევა შემთხვევითი არ ყოფილა: ის თვლიდა, რომ ნამდვილი მებრძოლები სწორედ ასეთ ადგილას იზრდებოდნენ.
„პირველი ჩოგანი სამი წლის ასაკში მივიღე, ხოლო ოთხი წლისა, უკვე დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, რომ სკოლამდე მევარჯიშა,“ - იხსენებდა მოგვიანებით სერენა.

რიჩარდი ვარჯიშებს ყველაზე ექსტრემალურ პირობებში ატარებდა. კორტებად ოჯახს მიტოვებული მოედნები ემსახურებოდა დაზიანებული საფარითა და დახეული ბადეებით. ხშირად ვარჯიშები სროლის ხმების ფონზე მიმდინარეობდა.
ქალიშვილების ხასიათის გასაკაჟებლად, რიჩარდმა კიდევ ერთი მეთოდი მოიფიქრა: ის აგროვებდა ადგილობრივ ბავშვებს და ფულს უხდიდა მათ იმისთვის, რომ ვარჯიშის დროს ეყვირათ შეურაცხყმყოფელი სიტყვები დების მისამართით.
„მას სჯეროდა, რომ ეს მოგვამზადებდა დიდი ტურნირების ფსიქოლოგიური წნეხისთვის. და იცით რა? ამან იმუშავა“, - განმარტავდა შემდეგ სერენა.
რიჩარდ უილიამსის სამწვრთნელო მეთოდების კიდევ ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი: ის ქალიშვილებს აიძულებდა, ყოველ დილას 8 კილომეტრი ერბინათ, ხოლო თვითონ გვერდით ველოსიპედით მიჰყვებოდა სანადირო თოფით, რათა ადგილობრივი ბანდიტები დაეფრთხო.

უფროსი დის ჩრდილი
სერენა საჩოგბურთო კარიერის დასაწყისში, უფროსი დის, ვენუსის ჩრდილის ქვეშ იყო.
„როდესაც პატარა ვიყავი, ყველა ამბობდა: „ოჰ, შენ ვენუსის და ხარ?“. არავინ იცოდა ჩემი სახელი,“ - აღიარებდა ის.
8 წლის ასაკში მოხდა შემთხვევა, რომელიც დებს შორის განსაკუთრებულ კავშირს ნათლად აჩვენებს. მამისთვის უთქმელად, პატარა სერენა დამოუკიდებლად ჩაეწერა საბავშვო ტურნირზე, სადაც ვენუსს უნდა ეთამაშა.
უმცროსი დის ნიჭი უკვე მაშინ გამოვლინდა - მან ფინალამდე მიაღწია, სადაც უფროს დას შეხვდა. ვენუსი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, მაგრამ მატჩის შემდეგ დის განაწყენების დანახვისას, შესთავაზა, გაეცვალათ ჯილდოები და უთხრა, რომ ვერცხლის თასი უფრო მოსწონდა, ვიდრე ოქროსი. ეს გულშიჩამწვდომი მომენტი მათი განსაკუთრებული ურთიერთობის სიმბოლო გახდა - ის ვერცხლის თასი დღემდე საპატიო ადგილს იკავებს სერენას საძინებელში.
მაგრამ ნამდვილი ტრიუმფი სერენას 1999 წელს, აშშ-ის ღია პირველობაზე ეწვია. 17 წლის ჩოგბურთელმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა - ჯერ ნახევარფინალში მოქმედი ჩემპიონი, ლინდსი დევენპორტი დაამარცხა, შემდეგ კი ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, მარტინა ჰინგისს, მოუგო. ამ გამარჯვებამ „დიდი სლემის“ პირველი ტიტული მოუტანა და ის ქალთა ჩოგბურთში ახალი ეპოქის დასაწყისს მოასწავებდა.

სერანას კარიერის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ასპექტი მშობლიურ დასთან მეტოქეობა იყო. ისინი კორტზე 31-ჯერ შეხვდნენ, აქედან 9-ჯერ „დიდი სლემის“ ტურნირების ფინალში. მათი შეხვედრების საერთო ანგარიში უმცროსი დის სასარგებლოდ, 19:12-ია.
ეს მატჩები ორივესთვის ემოციურად რთული იყო. ერთ-ერთი ფინალის შემდეგ, ვენუსმა სერენას მოეხვია და ყურში ჩასჩურჩულა: „ისე ვამაყობ შენით, რომ დღეს დამარცხებითაც კი არ ვარ განაწყენებული“.
2001 წელს, ინდიან უელსის მასტერსს, ვენუსი ტრავმის გამო, ნახევარფინალური მატჩიდან ჩაეხსნა. საზოგადოებამ ეს გადაწყვეტილება სტვენით მიიღო. რიჩარდ უილიამსი, რომელიც ტრიბუნაზე იჯდა, ამტკიცებდა, რომ ჩოგბურთელების მისამართით შეურაცხყოფა მოისმინა. პროტესტის ნიშნად, დები ამ პრესტიჟულ ტურნირში 14 წლის განმავლობაში არ მონაწილეობდნენ: სერენა იქ მხოლოდ 2015 წელს დაბრუნდა, ხოლო ვენუსი - 2016 წელს.
დის მკვლელობა
2003 წელს ოჯახს ტრაგედია დაატყდა თავს - სერენას უფროსი და, იეტუნდე მოკლეს. ის ქუჩის ბანდების გარჩევის შემთხვევითი მსხვერპლი გახდა.
ამ მოვლენამ სერენა ძლიერ შეძრა. მან კარიერაში ხანგრძლივი შესვენება აიღო, ხოლო როდესაც დაბრუნდა, დეპრესიისა და ფორმის დაკარგვისგან იტანჯებოდა.

2006 წლისთვის ჩანდა, მისი კარიერა დასრულდა - სერენა WTA-ის რეიტინგში, 140-ე ადგილამდე დაეცა, წონაში მოიმატა და იშვიათად ჩნდებოდა კორტზე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ „დები უილიამსების ერა დასასრულს მიუახლოვდა “.
საკუთარი თავის ძიებაში, სერენამ აფრიკაში იმოგზაურა, სადაც მოინახულა ადგილები, საიდანაც მისი წინაპრები იყვნენ.
„ამ მოგზაურობამ შემცვალა. მივხვდი, ვინ ვარ და რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი,“ — ამბობდა ის.
2007 წელი გახდა სერენა უილიამსის მსოფლიო ჩოგბურთის ელიტაში წარმოუდგენელი დაბრუნების წელი. WTA-ის რეიტინგის 81-ე ადგილზე მყოფმა სენსაციურად მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა. ფინალურ მატჩში სერენამ მსოფლიოს პირველ ჩოგანს, მარია შარაპოვას, არ დაუტოვა შანსი და ანგარიშით 6:1, 6:2 გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ მან გამარჯვება დის ხსოვნას მიუძღვნა: „დღეს კორტზე იეტუნდესთან ერთად გამოვედი“.
კარიერა და მიღწევები
თავისი კარიერის განმავლობაში, სერენა უილიამსმა ერთეულთა თანრიგში 23 დიდი სლემის ტურნირი მოიგო - მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ჩოგბურთელმა ღია ერაში. ის მსოფლიოს პირველი ჩოგანი იყო ჯამში 319 კვირის განმავლობაში.
მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო 2012–2016 წლები. ამ ხუთი წლის განმავლობაში მან 10 დიდი სლემის ტიტული მოიგო და ქალთა ჩოგბურთში ახალი სტანდარტები დაამკვიდრა.
თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი მიღწევა იყო 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე გამარჯვება, როდესაც სერენამ ტიტული ორსულობის მერვე კვირაზე ყოფნისას მოიპოვა.
არის ნაკლებად ცნობილი, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავი მიღწევებიც. მაგალითად, 35 წლისა და 125 დღის ასაკში, სერენა გახდა ყველაზე ასაკოვანი დიდი სლემის ჩემპიონი ღია ერაში, როდესაც 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მაშინ, როდესაც ბევრი ჩოგბურთელი მატჩების უმეტესობას იგებს 40:0 ანგარიშზე, სერენა სტატისტიკურად ყველაზე საშიშია 0:30 ანგარიშზე. ის ასეთი ანგარიშის შემდეგ გეიმების 56%-ს იგებდა - ფენომენალური მაჩვენებელი, რაც მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე მეტყველებს.

„როდესაც ანგარიში ჩემს სასარგებლოდ არ არის, მე სხვა ადამიანად ვიქცევი. გონებაში რაღაც მერთვება და მე გამარჯვების მანქანა ვხდები“, - ხსნიდა ის.
ხშირად ამბობენ, რომ სერენამ შეცვალა ქალთა ჩოგბურთი, შემოიტანა რა მასში ძალისმიერი თამაშის სტილი, რომელიც ადრე მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო დამახასიათებელი. მისი ჩაწოდება — ნამდვილი იარაღია. 2012 წლის უიმბლდონზე მან ეისების რაოდენობით რეკორდი დაამყარა - 102 ტურნირის განმავლობაში.
მისი ჩაწოდების ერთ-ერთი საიდუმლო განსაკუთრებული ტექნიკაა, რომელიც მამამისმა ასწავლა.
„მამა ყოველთვის მეუბნებოდა: წარმოიდგინე, რომ მზისკენ აგდებ ბურთს, შემდეგ კი ურტყამ მას, როგორც ჩაქუჩს ლურსმანზე“, - იხსენებდა სერენა.
სერენა უილიამსის ანგარიშზე არამხოლოდ სპორტული მიღწევებია. ის გახდა პირველი ფერადკანიანი სპორტსმენი, რომელიც ჟურნალ Vogue-ის გარეკანზე მოხვდა და პირველი, ვინც Forbes-ის იმ ყველაზე მდიდარი ქალების სიაში შევიდა, რომელმაც თანხა დამოკიდებლად გამოიმუშავეს.
პირადი ცხოვრება
სერენას სიყვარულის ისტორია 2015 წლის გაზაფხულზე, რომის სასტუმროში დაიწყო, სადაც ის ტურნირისთვის ემზადებოდა.
საუზმის დროს, აუზთან მდგარ მის მაგიდასთან მოულოდნელად უცნობი მამაკაცი მიუჯდა - ის Reddit-ის თანადამფუძნებელი, ალექსის ოჰანიანი აღმოჩნდა.
გაღიზიანებულმა სერენამ დაუპატიჟებელი სტუმრის მოშორება სცადა და მოიტყუა, რომ მაგიდის ვირთხა იყო. თუმცა იმის ნაცვლად, რომ წასულიყო, ალექსისი მშვიდად დარჩა ადგილზე, რითაც უნებლიედ მიიპყრო ჩოგბურთელის ყურადღება.
ეს შემთხვევითი ნაცნობობა რომანში გადაიზარდა და 2016 წლის დეკემბერში ალექსისმა სერენას ხელი სთხოვა იმავე სასტუმროში. განსაკუთრებული სიურპრიზის სახით, მან თან მიიტანა პლუშის ვირთხა - ტკბილი მოგონება მათი პირველი შეხვედრის შესახებ.
წყვილს ორი ქალიშვილი შეეძინა: ოლიმპია და ადირა. სერენა ხშირად ამბობს, რომ დედობამ შეცვალა მისი დამოკიდებულება ჩოგბურთის მიმართ:
„ადრე საუკეთესოობისთვის ვთამაშობდი. ახლა კი იმისთვის ვთამაშობ, რომ ჩემი ქალიშვილები ამაყობდნენ ჩემით.“

მემკვიდრეობა
„როდესაც მე ვიწყებდი, ფერადკანიანი გოგონები ვერ ოცნებობდნენ ჩოგბურთზე. ახლა მათ შეუძლიათ არა მხოლოდ ოცნება, არამედ გამარჯვებაც“ - ეს სიტყვები, რომლებიც სერენას ეკუთვნის, ასახავს იმ გავლენას, რომელიც მან მოახდინა სპორტსა და საზოგადოებაზე.
სერენა უილიამსის ფონდმა სკოლები ააშენა კენიაში, იამაიკასა და უგანდაში. დის მკველობის შემდეგ, მან დააარსა მისი სახელობის სტიპენდია მედდა-სტუდენტებისთვის, რადგან ეტუნდა მედდად მუშაობდა.
სერენას ქველმოქმედების ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტი: 2016 წელს, მან ფარულად დააფინანსა სკოლის მშენებლობა კომპტონში, იმავე რაიონში, სადაც მისი გზა დაიწყო მწვერვალებისკენ. „მინდოდა, რომ იქაურ ბავშვებს სცოდნოდათ, რომ კომპტონიდან ყველაფრის მიღწევა შეიძლება,“ — განმარტა მან მოგვიანებით.
სერენა უილიამსმა კარიერა 2022 წელს დაასრულა. როგორც ჩოგბურთის ლეგენდამ და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლმა, ბილი ჯინ კინგმა თქვა: „სერენამ არამხოლოდ შეცვალა ჩოგბურთი, მან შეცვალა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი თანამედროვე სამყაროში.“
