„კვარა თუ გორდონი - ვინ სჭირდება არსენალს“ - Squawka-ს შედარება
ცნობილი ბრიტანული გამოცემა Squawka ლონდონის „არსენალზე“ წერს და „მეთოფეების“ ორი სატრანსფერო სამიზნის - ენტონი გორდონისა და ხვიჩა კვარაცხელიას შედარებას გვთავაზობს.
რა წერია სტატიაში:
„გორდონის ტრანსფერი შესაძლოა გულშემატკივრებში ნაკლებ აჟიოტაჟს იწვევდეს, თუმცა მას ზურგს უმაგრებს პრემიერლიგის გამოცდილება. ინგლისის ნაკრების ფეხბურთელი დაუღალავად შრომობს და მაღალ პრესინგსაც ეფექტურად ახორციელებს, რასაც მიკელ არტეტა შემტევებში ძალიან აფასებს. გარდა ამისა, გორდონი უნივერსალია [კიდევ ერთი უნარი, რაც ძალიან მოსწონს არტეტას].
თუმცა, ასეთივე შრომისუნარიანობით გამოირჩევა კვარაცხელიაც. ის დიდ დახმარებას უწევს განაპირა მცველს. „კვარადონას“ დაყოლიება, რათა მან პარიზი ლონდონში გაცვალოს, რთული იქნება. თუმცა „არსენალის“ გლობალურ ძალად ჩამოყალიბება ნიშნავს იმას, რომ „ემირეითსზე“ მათ სწორედ კვარას კალიბრის ფეხბურთელები უნდა ჩაიყვანონ.
გორდონიც და კვარაცხელიაც კარგად ამწვავებენ თამაშს ფლანგზე, მაგრამ თუ „არსენალს“ მასშტაბური გაძლიერება სურს, მთავარი სამიზნე პსჟ-ის მარცხენა გარემარბი უნდა იყოს. პარიზული კლუბიდან ხვიჩას წაყვანა მარტივი არ იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „მეთოფეებმა“ ამ ტრანსფერის განხორციელება არ უნდა სცადონ.
90 წუთში საშუალოდ კვარაცხელია 2.5-ჯერ ატყუებს მეტოქეს, გორდონი კი 1.8-ჯერ [მოცემულია შიდა ჩემპიონატების სტატისტიკა]. წარმატებული დრიბლინგებიც პროცენტულობის მხრივაც უპირატესობა ხვიჩას მხარესაა: (53.45% vs 49.25%). ისევე როგორც საგოლე მომენტების შექმნის საშუალო მაჩვენებელი: 2.2 vs 1.4.
თუ გავითვალისწინებთ პსჟ-ის აშკარა დომინირებას ლიგა 1-ში, უბურთოდ თამაშის მხრივაც კვარაცხელია გორდონზე უკეთესად გამოიყურება. საშუალოდ, 90 წუთში მას მეტი ართმევა აქვს (1.4), მეტ ორთაბრძოლაში შედის (11.5), თუმცა მოგებული ორთაბრძოლებით მას გორდონი სჯობნის (51,74%).
არსებული ინფორმაციით, პსჟ კვარაცხელიას „თითქმის ხელშეუხებლად“ მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ „არსენალის“ ტრანსფერის შანსები მცირეა, თუმცა 0-ს არ უდრის. რაც შეეხება გორდონს, დადებითი მხარეები მის ტრანსფერსაც აქვს. გორდონის შეძენა უფრო დაბალ ფასად იქნება შესაძლებელი და მას პრემიერლიგასთან ადაპტაციის გავლა არ დასჭირდება. „ნიუკასლთან“ შედარებით „არსენალი“ უფრო დომინანტური გუნდია, სადაც გორდონი უკეთესად უნდა ათამაშდეს. „დიდი ექვსეულის“ წინააღმდეგ გორდონს კარიერაში 16 გოლი და 9 ასისტი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 წლის შემტევი დიდ მატჩებში „არსენალს“ დიდ სარგებელს მოუტანდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ გარკვეული დროა დარჩენილი, ტოპკლუბებმა უკვე დაიწყეს შემადგენლობების დაგეგმვა მომავალი სეზონისთვის. „არსენალის“ გადასახედიდან, ლოგიკური არჩევანი კვარაცხელია იქნებოდა, თუმცა უფრო მარტივი გორდონის ტრანსფერი ჩანს და „მეთოფეების“ შეტევის მარცხენა ფლანგს ისიც გააძლიერებდა“.