ჩვენი აკადემიის აღზრდილების განვითარება პრიორიტეტია | ჯაფარიძის და ფუტკარაძის ახალი კონტრაქტები
დინამო ბათუმმა თავისი აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელებთან, გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან კონტრაქტები 2028 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა.
„ხელმოწერის ღონისძიებას კლუბის ხელმძღვანელებთან ერთად ფეხბურთელების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რაც ჩვენი კლუბის ტრადიციებისა და დიდი საფეხბურთო ოჯახის ერთიანობის კიდევ ერთი დასტურია. დინამო ბათუმისთვის საკუთარი აკადემიის აღზრდილების დაწინაურება, მათი ნდობა და განვითარება კლუბის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება'' - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
გურამ ჯაფარიძემ, რომელმაც მთავარ გუნდში პირველად 2024 წელს 19 წლის ასაკში ითამაშა, მიმდინარე ევროშესარჩევში 21-წლამდე ნაკრების რიგებში ხუთივე მატჩში სასტარტოდან ითამაშა. ამპლუით ნახევარმცველმა მშობლიურ კლუბში ყველა ტურნირის ჩათვლით 55 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი შეასრულა, ყვითელი ბარათი 5-ჯერ მიიღო.
ჯაფარიძის მსგავსად ფუტკარაძეც 2006 წელს დაიბადა, ორივე მოთამაშე 20 წლისაა. ფუტკარაძის დებიუტი მთავარ გუნდში 2023 წელს შედგა, 18 წლის ასაკში. საერთო ჯამში დინამო ბათუმში 45 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 1 საგოლე პასია, არბიტრმა ყვითელი ბარათი 8-ჯერ უჩვენა. ჯაფარიძისგან განსხვავებით ფუტკარაძე 21-წლამდე ნაკრების წევრი არაა.
Transfermartk-ი ჯაფარიძეს 125 000 ევროდ აფასებს, ფუტკარაძეს - 75 000 ევროდ.
ბათუმის დინამოს ყოფილი ფეხბურთელების მხრიდან, გასულ წლებში არსებული დავალიანებების გამო FIFA-ში შეტანილი საჩივრების გათვალისწინებით, 2025 წლის პირველი ივნისიდან, 2026 წლის ივნისამდე, კლუბს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს მხრიდან სატრანსფერო შეზღუდვა აქვს დაწესებული. ზაფხულში გუნდი ახალ ფეხბურთელებს დაიმატებს, გაძლიერდება.
შეგახსენებთ, 2025 წლის მიწურულს ბათუმის დინამო სააქციო საზოგადოება დბ 1923-მა შეიძინა. კლუბის მთავარი აქციონერი თემურ მიქელაძეა, მასთან ერთად აქციებს ფლობენ ენრიკო მიქელაძე, გიორგი რომანაძე, ბექა შარაშიძე და ოთარ მუმლაძე.