ოკლაჰომა სერიაში დაწინაურდა - გილჯეს-ალექსანდერის ორმაგი დუბლი
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალმა ტეხასში გადაინაცვლა და სრულიად მოულოდნელად, „სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში პირველი შეხვედრა 15-ქულიანი სხვაობით, 108:123 წააგო. უნდა ითქვას, რომ „ოკლაჰომამ“, განსაკუთრებით კი მისმა ლიდერმა შეი გილჯეს-ალექსანდერმა, რომელიც რეგულარული გათამაშების MVP მეორედ გახდა, უმაღლეს დონეზე იასპარეზეს და გამარჯვება დაიმსახურეს. მართალია მას მაღალი პროცენტულობით არ უსვრია, მაგრამ თავისი გასაკეთებელი ტრადიციულად მაინც გააკეთა.
შეხვედრის ყველაზე სასარგებლო მოთამაშე სწორედ თანდერის კანადელი ლეგიონერი გახდა - შეიმ 36 წუთში 26 ქულა, 2 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი, 1 დაფარება დააგროვა და ორმაგი დუბლი შეასრულა. გილჯეს-ალექსანდერმა ოთხიდან ორი სამქულიანი, ცამეტიდან ოთხი ორქულიანი და თორმეტიდან თორმეტივე საჯარიმო ჩააგდო. მან ორივე მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. 26 ქულა იყო “სან ანტონიოს” ლიდერის ვიქტორ ვემბანიამას ანგარიშზეც და პლუს 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარებაც მიითვალა. ფრანგმა ხუთიდან ორი სამქულიანის, ათიდან ექვსი ორქულიანის და ათიდან რვა საჯარიმოს რეალიზება შეძლო.
ცნობისათვის, ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრას ისევ “სან ანტონიოს” დარბაზი უმასპინძლებს და თბილისის დროით 25 მაისს, 04:00 საათზე დაიწყება. სერია რომელიმე გუნდის 4 მოგებამდე გრძელდება.