სინერის კარიერული მასტერსი - იტალიელის 29-ე ტიტული
იანიკ სინერის ბრწყინვალე და შთამბეჭდავი გამოსვლა გრძელდება - 24 წლის იტალიელმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსის ფინალში ნორვეგიელი კასპერ რუუდი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა და ეს ტურნირი კარიერაში პირველად მოიგო. გარდა ამისა, სინერი გახდა პირველი იტალიელი ადრიან პანატას შემდეგ, რომელმაც რომის მასტერსის უკანასკნელ 50-წლიან ისტორიაში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა საათსა და 44 წუთს გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე იანიკმა 2 ეისი მოაწოდა, არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია და ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. რაც შეეხება რუუდს, რეიტინგის 25-ე ნომრის ანგარიშზე 3 ეისი, ორი ორმაგი შეცდომა და ორიდან ერთი რეალიზებული ბრეიკ-პოინტია.
ამ გამარჯვების შემდეგ 24 წლის სინერის ჯილდოთა კოლექციაში ცხრავე მასტერსის ოქროს მედალია, რითაც მან ნოვაკ ჯოკოვიჩის მიღწევა გაიმეორა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნოლემ ამის გაკეთება გაცილებით უფრო გვიან, 31 წლის ასაკში შეძლო. აქვე გეტყვით, რომ იტალიელმა წელს როლან გაროსამდე გამართული სამივე თიხის ტურნირი მოიგო, რითაც 2010 წელს რაფაელ ნადალის მიერ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
ცნობისათვის, რომის მასტერსზე გამარჯვებით, რომელიც მისთვის რიგით 29-ე ტიტული გახლდათ, იანიკ სინერმა 1 მილიონ 171 ათასი დოლარი გამოიმუშავა, რის შემდეგაც მისმა კარიერულმა შემოსავალმა 64,6 მილიონი დოლარი შეადგინა.