ნიკოლოზ ბასილაშვილი, ლეილა მესხი
Aa
Aa

„მენტალურად ძალიან ძლიერია“ - მესხმა ბასილაშვილი შეაფასა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე იმდენად უმაღლეს დონეზე იასპარეზა, რომ ქართველ გულშემატკივრებს დაუბრუნდა იმის იმედი, რომ ის ძველებურ ფორმას აღიდგენს და ისეთივე წარმატებებს მიაღწევს, როგორსაც ხუთი-ექვსი წლის წინ აღწევდა. ასეთივე აზრზეა ლეგენდარული ქართველი ჩოგბურთელი ლეილა მესხი, რომელმაც Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში იტალიის დედაქალაქში ნიკოლოზის გამოსვლა დეტალურად და საინტერესოდ შეაფასა.

ლეილა მესხი

ნიკოლოზს მინდა მივულოცო, რადგან ძალიან სასიხარულო და სასიამოვნოა, რომ ტურნირი კვალიფიკაციიდან დაიწყო და ასეთ წარმატებას მიაღწია. მან შეძლო და სამი თუ ოთხწლიანი ტრავმების და დრამების შემდეგ, უმაღლეს დონეზე იასპარეზა. ალბათ რამდენიმეწლიანი შრომა ბასილაშვილს ახლა დაუფასდა და იმედია, რომ ამ ტურნირის შემდეგ კიდევ უფრო სხვა განწყობა ექნება, რამეთუ მსგავსი დონის მეტოქეებთან გამარჯვებები ნებისმიერი სპორტსმენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ნამდვილად არ ვიცი ნიკოლოზი როგორი რეჟიმით ცხოვრობს, მაგრამ კორტებზე აშკარად ეტყობოდა, რომ საკუთარ თავზე ნამუშევარი ჰქონდა და სწორად ვარჯიშობდა. ბასილაშვილი უზომოდ ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენია. მშრომელია და მენტალურად ძალიან ძლიერი. მენტალური სიძლიერე კი ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ ასაკშია, რომ საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეს.

ATP-ის რეიტინგის მეექვსე ნომრის დამარცხება, ხუმრობა საქმე და ადვილი არავისთვის არ არის. ეს მანიშნებელია იმისა, რომ ბასილაშვილს უდიდესი პოტენციალი აქვს და იმედია, რომ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევს. თანაც, რასაც ვაკვირდები მამაკაცების ჩოგბურთი ასაკობრივად ერთგვარად გახანგრძლივებულია და თუ ასეთ შრომას განაგრძობს, მას ყველაფერი წინ ექნება.

რატომ დამარცხდა ანდრეი რუბლოვთან პირველი მოგებული სეტის შემდეგ? ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ რუსმა ჩოგბურთელმა კლასის ხარჯზე გაიმარჯვა - უბრალოდ ნიკოლოზი ალბათ დაიღალა და დაღლილობის გამო ყურადღება მოადუნა. რაც ითამაშა, აბსოლუტურად ყველა შეხვედრა იყო მისთვის უმნიშვნელოვანესი და რთულად გადასალახი, რაც უდიდეს ძალებს მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ რომის მასტერსზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიელი ელმერ მოლერი (4:6, 6:2, 7:6) და ავსტრალიელი რინკი ჰიჯიკატა (6:3, 6:2) დაამარცხა, ხოლო რუს ანდრეი რუბლოვთან (6:3, 6:7, 2:6) წაგებამდე, ძირითად ბადეში ესპანელ დანიელ მერიდა აგილარს (6:4, 2:6, 6:3), ამერიკელებს ბენ შელტონს (6:4, 6:7, 6:3) და ბრენდონ ნაკაშიმას (7:6, 6:4) აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული გამარჯვება | ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია
დიდებული გამარჯვება | ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალშია