დუბლი და საგოლე პასი ბორდოსთან | ამიენმა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი გაიფორმა
საფრანგეთის ლიგა 2-დან გავარდნილმა ამიენმა 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ სოფრომაძე დაიმატა, რომელმაც 2025-26 წლების სეზონში საფრანგეთის მე-4 ლიგის კლუბ ავრანშის რიგებში 30 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.
საფრანგეთის რანგით მე-4 ლიგის ბოლო ტურში ავრანშის მაისურით სოფრომაძემ ბორდოსთან დუბლი და საგოლე პასი შეასრულა, სამივე გოლში მიიღო მონაწილეობა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა, ქართველი შემტევის პირველი გოლი საკმაოდ ეფექტური იყო, მეორე გოლი პენალტიდან შეაგდო.
ამიენის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შემტევი სტილის ნახევარმცველმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
„ამპლუით ნახევარმცველი ზურაბ სოფრომაძე უნივერსალური პროფილის მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ითამაშოს როგორც ცენტრში, ისე ფლანგებზე და ერთმანეთს შეუთავსოს ბურთის ართმევაზე მუშაობა და შეტევაში წვლილის შეტანა. მისი ტექნიკა, შრომისუნარიანობა და თამაშის კითხვა ის ძლიერი მხარეებია, რომლებსაც იგი ამიერიდან საფეხბურთო კლუბ ამიენის სასიკეთოდ გამოიყენებს'' - ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.
შემდეგ სეზონში ამიენი რანგით მესამე ლიგაში ითამაშებს და თუ სოფრომაძე პროგრესს გააგრძელებს, შესაძლოა ლიგა 2-შიც ვიხილოთ.
სოფრომაძეს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში ერთხელ უთამაშია, 2021 წელს 21-წლამდე ნაკრებში ყაზახეთთან ცვლილებაზე გამოვიდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.