3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო - ძიუდოისტების 5 მედალი გრან პრიზე
ძიუდოს ახალგაზრდულ გრან პრის ტაჯიკეთის დედაქალაქმა პირველად უმასპინძლა და გასულ შაბათ-კვირას დუშანბეში თავი 19 ქვეყნის 227-მა წარმომადგენელმა მოიყარა, რომელთა შორისაც ბუნებრივია იყვნენ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძიუდოისტებიც, რომელთაც პრესტიჟული შეჯიბრება 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკოლოზ ზაალიშვილმა ტურნირი მერვედფინალში მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის, პანჯიშერ გულბასოვის დამარცხებით დაიწყო, რასაც მეოთხედფინალში რუსი აპტი უციევის ძლევა მოჰყვა. ნახევარფინალში ნიკოლოზი ყირგიზ ბეკსულთან აიტმატოვზე ძლიერი აღმოჩნდა, ხოლო ფინალში კიდევ ერთ რუს მეტოქესთან, ვლადიმირ დოსიაკთან დამარცხდა. ზაალიშვილის მსგავსად, ფინალი რუს ძიუდოისტთან, კერძოდ კი ადემირკან ტამბიევთან დათმო ლუკა თევდორაძემ (90 კგ), რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლამდე ყაზახ იარასილ ჩერიაზდანს, უზბეკ დილშოდ ნაშიროვს, და აზერბაიჯანელ ალი გაზიმამადოვს მოუგო. რაც შეეხება საბა საბაშვილს (66 კგ), გრან პრი მერვედფინალში რუს დავიდ ტოპსაკალიანთან გამარჯვებით დაიწყო, შემდეგ ყაზახ ბაკდაულეტ კაბდეშოვს წარმატებით გაუმკლავდა, რასაც ეგვიპტელ მოსტაფა ჰამადასთან მოგება მიაყოლა, თუმცა სამწუხაროდ ფინალში ყაზახ მუჰამედალი ჟილკაიდართან წააგო.
ცნობისათვის, ორი ბრინჯაოს მედალი საქართველოს დელეგაციას ქეთი რობაქიძემ (70 კგ) და მერაბ სამადაშვილმა (66 კგ) მოუტანეს - მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პირველმა მათგანმა რუსი ევა ოგნივოვა, ხოლო მეორემ ტაჯიკი იოსინ ბობოკალონოვი დაამარცხა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს