„როგორი იქნება ცხოვრება ალისონის შემდეგ“ – This is Anfield მამარდაზე წერს
გამოცემა This is Anfield-ი გიორგი მამარდაშვილის შესახებ წერს. სტატიაში „ცხოვრება ალისონის შემდეგ - რა ასწავლა „ლივერპულს“ მამარდაშვილის 7-მა მატჩმა“ ჟურნალისტი ჯეკ ლასბი აღნიშნავს, რომ ალისონის გახშირებული ტრავმების ფონზე, დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონი ბრაზილიელი მეკარისთვის „ენფილდზე“ ბოლო იქნება.
„ტრავმის გამო ალისონმა ბოლო 8 მატჩი გამოტოვა. სათასო მატჩში დებიუტი ფრედი ვუდმენს ჰქონდა, დანარჩენ 7 შეხვედრაში კი არნე სლოტმა კარის დაცვა მამარდაშვილს ანდო. დიდი ალბათობით, ბრაზილიელი მეკარე მოედანზე 22 ნოემბერს, „ნოტინგემთან“ მატჩში დაბრუნდება, მამარდაშვილის 7-მა მატჩმა კი კლუბს არაერთი დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა.
7-დან 4 წაგება, 11 გაშვებული გოლი და მხოლოდ 2 „მშრალი“ მატჩი - ასეთია ქართველი მეკარის სტატისტიკა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ პოზიტიური მომენტებიც: მამარდაშვილს გამორჩეული რეაქცია აქვს. „ბრენტფორდსა“ და „ასტონ ვილასთან“ მას შესანიშნავი მოგერიებები ჰქონდა, ერლინგ ჰოლანდს კი პენალტი აუღო. გიორგიმ ასევე აჩვენა კარიდან გამოსვლის კარგი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი დაცვის ხაზით მოთამაშე გუნდისთვის.
სტატისტიკის მიხედვით, საჯარიმოს გარეთ დაცვითი ქმედებების რაოდენობით (1.8 ქმედება 90 წუთში) მამარდაშვილი პრემიერლიგის საუკეთესო ექვსეულში შედის. „ვალენსიაში“ ყოფნისას მამარდაშვილის ფეხით თამაში გარკვეულ შეშფოთებას იწვევდა, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობაა ის, რომ „ენფილდზე“ ის ამ ასპექტში კარგად გამოიყურება.
რეგულარულად მოთამაშე მეკარეებს შორის გრძელი პასების სიზუსტით მამარდაშვილი პრემიერლიგაში მეექვსე პოზიციაზეა (32.2%), თუმცა ამ მხრივ მას როგორც ალისონი (36.7%), ისე ლივერპულის ყოფილი მეკარე კაოიმჰინ კელეჰერი (38.9%) უსწრებენ.
მამარდაშვიმლა აჩვენა, რომ შეუძლია, ფეხბით ალისონის დონეზე ითამაშოს. მათი ერთმანეთთან შედარება უსამართლო იქნებოდა, ვინაიდან ბრაზილიელი ალბათ „ლივერპულის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და 33 წლის ასაკში ის მსოფლიოშიც ერთ-ერთი საუკეთესოა. თავის მხრივ, მამარდაშვილი უნარებით მას არ ჩამოუვარდება, მაგრამ განსაკუთრებული რეაქცია აქვს, მაშინ როდესაც ბრაზილიელის ყველაზე ძლიერი მხარე ერთი-ერთზე გამოსვლაზე თამაშია.
ალისონის კონტრაქტი 2026 წლამდეა გათვლილი და მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ერთწლიანი გახანგრძლივების შესაძლებლობაც აქვს, ბრაზილიელის გახშირებული ტრავმები იმაზე მიუთითებს, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის „ენფილდზე“ ბოლო იქნება“, - წერს გამოცემა.