ოთხი დებიუტანტით - ნაკრებს მაკფადენი უბრუნდება
მსოფლიოს 2027 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის საწყისი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული, 24-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. მთავარი სიახლე თადეუს მაკფადენის დაბრუნებაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ღირსებას 2018-2023 წლებში იცავდა. საქმე ის გახლავთ, რომ კამარ ბოლდუინის დაშავების გამო, ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელის ადგილი გამონთავისუფლდა, რისი შევსებაც ალექსანდარ ჯიკიჩმა ძველი კადრით გადაწყვიტა.
გაფართოებულ განაცხადში ოთხი დებიუტანტია - ქვეყნის მთავარი გუნდიდან მიწვევა პირველად ლუკა ალავიძემ (ქუთაისი 2010), გიორგი კობახიძემ (მარგვეთი), რომა ჭინჭარაულმა (მარგვეთი) და ლუკა კალატოზიშვილმა (ვსა) მიიღეს. სასიამოვნოა ის ფაქტი, ამერიკის სტუდენტური ლიგის დატოვებისა და საბერძნეთის „არისში“ გადასვლის შემდეგ, ალექსანდრე მერკვილაძეს ნაკრების დახმარება შეეძლება და ის გამოძახებულთა შორისაა.
ეროვნული გუნდი შეკრებას 20 ნოემბერს თბილისში დაიწყებს და თავდაპირველად ჯიკიჩი სუპერლიგის მოთამაშეებს ავარჯიშებს, ლეგიონერები კი ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდებიან. საქართველო - უკრაინის თამაში „თბილისი არენას“ დარბაზში 27 ნოემბერს ჩატარდება, ხოლო ესპანეთი - საქართველოს მატჩი 30 ნოემბერს ტენერიფეში გაიმართება. ეს თამაშები ლეგენდარული გიორგი შერმადინისთვის ეროვნულ გუნდში უკანასკნელი იქნება.
 
საქართველოს ნაკრები
თადეუს მაკფადენი (ბასკეტ მენორკა, ესპანეთი), რატი ანდრონიკაშვილი (უკლუბოდ), გიორგი ოჩხიკიძე (ბათუმი), ლუკა ლიკლიკაძე (ვსა), ლუკა მაზიაშვილი (კავკასია), მათე ხატიაშვილი (ბასკონია), ლუკა ალავიძე (ქუთაისი), დუდა სანაძე (პალმერ ბასკეტი), სანდრო სანაძე (მარგვეთი), ნიკოლოზ გაფრინდაშვილი (კავკასია), გიორგი კობახიძე (მარგვეთი), კახა ჯინჭარაძე (ტადაგონ ჰრაჯერი, ლიბანი), ალექსანდრე ფევაძე (თსუ), გიორგი სულაბერიძე (ქუთაისი), თორნიკე შენგელია (ბარსელონა, ესპანეთი), ბექა ბურჯანაძე (გრანადა, ესპანეთი), გიორგი კორსანტია (გიპუსკოა, ესპანეთი), ალექსანდრე მერკვილაძე (არისი, საბერძნეთი), გუგა პატაშური (რუსთავი), ილია ლონდარიძე (ორბი), ლუკა კალატოზიშვილი (ვსა), გიორგი შერმადინი (ლაგუნა ტენერიფე), გიორგი ტურძილაძე (თსუ), რომა ჭინჭარაული (მარგვეთი).