„ბრაზილიას ლიდერი სჭირდება, ანჩელოტის დანიშვნა სწორი იყო“ - დუნგა
ბრაზილიის ნაკრების ექსფეხბურთელმა და ექსმწვრნთელმა, დუნგამ Marca-სთან ინტერვიუში „სელესაოზე“, კარლო ანჩელოტიზე და მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.
„ვინისიუსი ტექნიკური ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ ის გასახდელში ლიდერი ვერ იქნება. ბრაზილიის ნაკრებს ასეთი ლიდერი აუცილებლად სჭირდება. კაზემიროს შეუძლია, ასეთი ლიდერი იყო, მაგრამ როდესაც ამას ვინისიუსისგან ითხოვენ, ეს მთელ გუნდს აზიანებს. რატომ თამაშობს ვინისიუსი კარგად „რეალში“, და არა ეროვნულ ნაკრებში? იმიტომ რომ მადრიდში ის მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, ხოლო გასახდელში ლიდერის ფუნქციებს სხვა ფეხბურთელები ასრულებენ.
ანჩელოტის დანიშვნა? ვფიქრობ, უცხოელის მოსაყვანად სწორი დრო იყო. ბრაზილიაში კარგი მწვრთნელები გვყავს, მაგრამ ნაკრების გარშემო ცუდი ატმოსფერო შეიქმნა. ფეხბურთის ფედერაციაში მაღალჩინოსნები ერთმანეთს უპირისპირდებიან და ეს მწვრთნელებზეც აისახებოდა. ახლა, როცა ანჩელოტი დაინიშნა, ეს საკითხი დაიხურა და ყველა მხოლოდ ფეხბურთზე საუბრობს.
როდრიგოს წასვლა იჯარით? ბრაზილიელ ფეხბურთელს განსხვავებული მენტალიტეტი აქვს - მას ყოველთვის სურს თამაში და თუ არ თამაშობს, თავს ცუდად გრძნობს. მინახავს ევროპელი ფეხბურთელები, რომლებიც სკამზე ისხდნენ, მაგრამ ამის გამო პანიკაში არ ვარდებოდნენ და სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. „რეალში“ მწვრთნელი შეიცვალა, ანჩელოტის ნაცვლად ალონსო მივიდა და როდრიგოს ახალ სტილთან შესაგუებლად დრო სჭირდება.
ენდრიკი განსხვავებულ ვითარებაშია. ახალგაზრდა ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება, მხოლოდ ვარჯიშით ის ვერ მოუმატებს. თუ ენდრიკი 7 დღეში სამ მატჩს გამოტოვებს, ის კარგავს სათამაშო დროის 4-5 საათს, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ენდრიკმა არ ითამაშა, ვერ მოუმატებს.
მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები? ჩემი აზრით, ახლა ესპანეთი, საფრანგეთი და არგენტინა ბრაზილიაზე ერთი ნაბიჯით წინ არიან, მაგრამ 6 თვეში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“.
ცნობისთვის, დუნგას „სელესაოს“ მაისურით 91 მატჩი აქვს ჩატარებული, ის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონი და კოპა ამერიკას ორგზის გამარჯვებულია (1989, 1997).