გერმანია ამომავალი ვარსკვლავებით თბილისში | სვანაძის გუნდის რთული გამოცდა (U21)
Aa
Aa

გერმანია ამომავალი ვარსკვლავებით თბილისში | სვანაძის გუნდის რთული გამოცდა (U21)

ევროშესარჩევის მორიგ ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები გერმანიას თბილისში, „მიხეილ მესხზე'' მიიღებს. გერმანიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, რომელსაც ანტონიო დი სალვო წვრთნის, თბილისში ჩამოსვლამდე მალტა 6:0 გაანადგურა.

გერმანელთა კაპიტანი 20 წლის ტომ ბიშოფია (Box-to-box ნახევარმცველი), „ბაიერნის’’ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი თითქმის ყოველ მატჩში ათამაშებს, ზოგჯერ მარცხენა მცველად. ამ სანაკრებო პაუზამდე ბუნდესლიგის ზედიზედ ორ მატჩში საგოლე პასი შეასრულა. მანამდე „ჰოფენჰაიმში’’ იყო და ახლა საერთო ჯამში ბუნდესლიგაში 64 მატჩი დაუგროვდა (5 გოლი და 7 საგოლე პასი). Transfermarkt-ი 30 მილიონად აფასებს, გერმანიის 21-წლამდე ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. მან უკვე ეროვნულ ნაკრებშიც ითამაშა, მიმდინარე წელს იულიან ნაგელსმანმა საფრანგეთთან ცვლილებაზე გამოიყვანა.

ბიშოფთან ერთად 17 წლის ლენარტ კარლიც უნდა გამოვყოთ, კომპანი რეგულარულად ათამაშებს, ამ სეზონში ბუნდესლიგაშიც შეაგდო (გლადბახთან) და ჩემპიონთა ლიგაზეც (ბრიუგესთან). Transfermarkt-ი 20 მილიონად აფასებს.

გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო დი სალვომ მიმდინარე სანაკრებო პაუზის დაწყებამდე კარლის შესახებ ისაუბრა: „ვიმედოვნებ, რასაც კარლი „ბაიერნში'' აჩვენებს, ნაკრებშიც გადმოიტანს. ძალიან მრავალმხრივია. ახლა მას გერმანიის 21-წლამდე ნაკრებში დამკვიდრების შანსი აქვს. „ბაიერნში'' მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ, თავისუფლად თამაშობს და უკვე ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა''.

დი სალვოს ამ კომენტარის შემდეგ გერმანიამ მალტას 6:0 მოუგო, კარლმა სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა, ბიშოფის ანგარიშზე 3 გოლია. მატჩის საბოლოო ანგარიში ცვლილებაზე გამოსულმა მუჰამედ დამარმა დააფიქსირა, რომელიც „ჰოფენჰაიმის'' ფორვარდია და მიმდინარე შესარჩევში ოთხ მატჩში 3 გოლი შეაგდო.

ბიშოფი მალტასთან გამარჯვების შემდეგ: „იმედი მაქვს, ასე გოლების გატანას გავაგრძელებთ, არა მხოლოდ მე და კარლი, არამედ ყველანი.“ 

ლენარტ კარლი: „ისევე როგორც მალტასთან, ასევე ყოველი მეტოქე სერიოზულად უნდა მივიღოთ და ყველაფერი გამოვა.“

გერმანიის 21-წლამდე ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში თამაშობს, თუმცა ცენტრფორვარდი ნიკოლო ტრესოლდი „ბრიუგეშია’’, Transfermarkt-ი 9 მილიონ ევროდ აფასებს და ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე „მონაკოსა’’ და „ბარსელონას’’ გაუტანა.

გერმანელთა შემადგენლობაშია არიონ იბრაჰიმოვიჩი, „ბაიერნის’’ საკუთრებაა და იჯარით „ჰაიდენჰაიმში’’ თამაშობს, ბუდუს თანაგუნდელია.

მიმდინარე შესარჩევში საქართველომ ჩრდილოთ ირლანდიასთან შინ და ლატვიასთან სტუმრად 1:1 ითამაშა, შემდეგ სტუმრად მალტა გაანადგურა (0:6), რასაც ათენში ჯგუფის ლიდერ საბერძნეთთან მარცხი მოჰყვა (3:0). საინტერესოა, რომ საბერძნეთმა ოთხივე მატჩი მოიგო, ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, გერმანია სტუმრად დაამარცხა (2:3).

საქართველოსა და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი „მიხეილ მესხზე'' 18 ნოემბერს, 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს“ - ბურდულის შეფასება
„ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს“ - ბურდულის შეფასება