იანიკ სინერი
Aa
Aa

„თანამშრომლობა წყენის გარეშე დავასრულეთ“ - სინერის ფიზიოთერაპევტის პირველი კომენტარი

2024 წლის მარტში იანიკ სინერთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალი არამხოლოდ საჩოგბურთო, არამედ მთლიანად სპორტული სამყაროს ყურადღების ქვეშ მაშინვე მოექცა. იტალიელმა ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ მის სისხლში აკრძალული ნივთიერება ფიზიოთერაპევტის, ჯაკომო ნალდის ხელით აღმოჩნდა, რომელიც მას მასაჟებს უკეთებდა. ამის გამო სინერმა ნალდისთან აგვისტოში თანამშრომლობა შეწყვიტა და ეს უკანასკნელი პროფესიულ საქმიანობას ამ დრომდე ჩამოშორებული იყო. თუმცა, ამერიკის ღია პირველობის დაწყების წინ, მასთან კონტრაქტი რეიტინგის 89-ე ნომერმა ფრანჩესკო პასარომ გააფორმა და ნალდიც დაბრუნდა. რამდენად რთული პერიოდი გამოიარა, ამის თაობაზე სინერის სამედიცინო შტაბის ყოფილმა წევრმა Gazzetta Dello Sport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

„არ მინდა სინერთან მომხდარის დეტალების გახსენება, რადგან ამან ტკივილი როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე პროფესიული თვალსაზრისით მომაყენა. მიხარია დაბრუნება და საოცარია, დიდი სლემის ატმოსფეროს კიდევ ერთხელ შეგრძნება. თბილად მიმიღეს, რადგან ყველამ იცის სინამდვილეში რაც მოხდა და ვინც არ იცის, შეუძლია გამოძიების დასკვნა წაიკითხოს.

იანიკთან საქმის განხილვის დროსაც ნორმალურ ურთიერთობას ვინარჩუნებდი. მუდამ სწორად ვიქცეოდი და ამ საქმესთან დაკავშირებით საჯაროდ საუბრისგან თავს ვიკავებდი, რის ხარჯზეც სხვებისგან განსხვავებით, გულწრფელობა ბოლომდე შევინარჩუნე.

სინერს ამერიკის ღია პირველობის დროს შევხვდი - მეგობრული დიალოგი გვქონდა და რამდენიმე პირადი საკითხი განვიხილეთ. ყველაფერი რაც მოხდა, სამწუხარო დამთხვევების სერია იყო, რაც ორივეს კარგად გვესმის. ჩვენი თანამშრომლობა ყოველგვარი წყენის გარეშე დასრულდა, რაც მოხდა იმას ვეღარ შევცვლით და ცხოვრება გრძელდება“.

ცნობისათვის, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დოპინგ-სკანდალის გამო, იანიკ სინერმა 3-თვიანი დისკვალიფიკაცია 2025 წლის გაზაფხულზე მოიხადა, თუმცა პაუზას მის სათამაშო ფორმაზე უარყოფითად არ უმოქმედია და ძველებური დონე რომ შეინარჩუნა, ამაზე იტალიელის მიერ ნაჩვენები შედეგებიც კარგად მეტყველებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავსი დონის ჩოგბურთელი არ მინახავს“ - მაკინროი ალკარასზე
„მსგავსი დონის ჩოგბურთელი არ მინახავს“ - მაკინროი ალკარასზე