747 000-იანი ვალი დატოვა | ჟოზეს სასტუმროში ცხოვრების თანხა არ დაუფარავს
ჟოზე მოურინიო „ბენფიკაში“ დანიშვნამდე „ფენერბაჰჩეში“ მუშაობდა. პორტუგალიელი სპეციალისტი და კლუბი ერთმანეთს არც თუ ისე კარგად დაშორდნენ და „ფენერის“ გულშემატკივრები უფრო გაბრაზდებოდნენ, როდესაც Yeniçag Gazetesi-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გაიგებდნენ.
თურქული გამოცემის ცნობით, მოურინიო მდიდრულ სასტუმროში, Four Seasons Hotel-ში ცხოვრობდა და იქ 15 თვე გაატარა. პრობლემა ისაა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს ცხოვრების ღირებულება არ დაუფარავს და 747 000 ევროს ოდენობის ვალი დაუგროვდა.
Yeniçag Gazetesi-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნულ თანხას ვინ გადაიხდის, მოურინიო თუ „ფენერბაჰჩე“. 747 000 ევროს გარდა, „ფენერს“ მისთვის 15 მილიონი ევრო აქვს გადასახდელი, რადგან მას კონტრაქტი ნაადრევად გაუწყვიტა.
ცნობისთვის, მოურინიომ ვერც „ბენფიკაში“ დაიწყო კარგად. პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ ტურში „ბენფიკა“ „კასე პიას“ დაუპირისპირდა და ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა და „არწივები“ „პორტუსა“ და „სპორტინგის“ 6 და 3 ქულით ჩამორჩებიან.