„ვერ ვხვდები, რის გაკეთებას ცდილობს“ | კინმა და კარაგერმა ლივერპულზე ისაუბრეს
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტისთან“ 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ როი კინმა და ჯეიმი კარაგერმა მერსისაიდელთა პრობლემებზე ისაუბრეს და არნე სლოტის დაცვის ხაზი გააკრიტიკეს.
„ლივერპულს ჩემპიონობის პრეტენდენტ კლუბთა სიაში ვერ შევიყვანთ. სლოტის გუნდი უკვე მეხუთედ დამარცხდა. თან ისეთ გოლებს უშვებენ... ხალხი მათ შემტევებზე ლაპარაკობს, მაგრამ ფაქტია, ლივერპულის დაცვა არეულ-დარეულია. ეს მარცხი მათთვის ყველაზე მძიმე იყო. რამდენიმე მატჩი ბოლო წამებზე წააგეს, დაძაბული შეხვედრებიც ჰქონდათ, მაგრამ ეს მათთვის მტკივნეული მარცხი იყო. დღეს ლივერპული ძალიან სუსტი იყო და გუნდს კრიზისული პერიოდი აქვს“, - აღნიშნა კინმა.
„ვერ ვხვდები, კონატე რის გაკეთებას ცდილობს. როდესაც ლივერპული გოლს უშვებს ან პრობლემა ექმნება, კონატე ყოველთვის მის ეპიცენტრშია. მიმდინარე სეზონში ბევრი ეპიზოდი იყო, როდესაც ის მოედნიდან გაუჩინარდა“, - განაცხადა კარაგერმა.
ცნობისთვის, მამარდაშვილს „სიტის“ წინააღმდეგ სამი მოგერიება ჰქონდა და მე-13 წუთზე ერლინგ ჰოლანდის პენალტი აიღო. ნორვეგიელმა მაინც გაიტანა და მის გარდა, „მამარდას“ კარი ნიკო გონსალესმა და ჟერემი დოკუმაც აიღეს.