ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„გოლით თავისი თამაში გადაარჩინა“ - ფრანგული მედიის შეფასება

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ სტუმრად „ლიონს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 გაიმარჯვა.

ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 75 წუთი გაატარა. 33-ე წუთზე ქართველმა შემტევმა „პსჟ-ს“ სასარგებლოდ ანგარიში 2:1 გახადა და, შესაბამისად, ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. ამის გარდა, ხვიჩა მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურობდა და პარიზული გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. ლუის ენრიკემ ქართველი ფეხბურთელი 75-ე წუთზე, გონსალუ რამუშით შეცვალა.

ხვიჩას მომენტები ლიონთან:

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ფრანგულმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

რას წერენ სააგენტოები:

Footmercato – 6.5 ქულა: საწყის წუთებში ძალიან ფრთხილი იყო, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველმა ყველას შეახსენა დიდი მოთამაშის მახასიათებლები, კერძოდ, ისეთის, რომლითაც პირველივე შესაძლებლობისთანავე შეუძლია შედეგიანი დარტყმის განხორციელება. ვიტინიას ეფექტური პრესინგის შემდეგ, კვარაცხელიამ შეცდომა არ დაუშვა და გუნდს ლიდერობა დაუბრუნა. ამის შემდეგ, სულ უფრო შთამბეჭდავი ხდებოდა. მოედნიდან გასვლამდე, „ლიონის“ დაცვა თავისი სისწრაფითა და პირისპირ თამაშით გააწვალა.

Parisfans – 4 ქულა: მისი გოლი მისსავე რთულ მატჩს ვერ შენიღბავს. 33-ე წუთზე გადამწყვეტი იყო, რამაც მისი თამაში გადაარჩინა, თუმცა უჭირდა და შთაგონება აკლდა.

90min.com – 7 ქულა: „ლიონის“ გამათანაბრებელი გოლიდან რამდენიმე წუთში, კვარაცხელიამ თავისი გუნდი კვლავ წინ გაიყვანა. ეს კი ვიტინიას დაუნდობელი პრესინგის დამსახურებით მოხდა. ტაიმის მიწურულს მეორე გოლის გატანაც შეეძლო. კვარაცხელიას დღეს აშკარად ჰქონდა ენერგია და „პსჟ-ს“ შეტევის მამოძრავებელი ძალა იყო.

Maxifoot – 7 ქულა: ქართველი ფეხბურთელი დღეს ენერგიული იყო. კლაივერტის წინააღმდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა სწრაფადვე დაიწყო დუელი და გავლენა მოახდინა. პირველივე შანსი მაიულუს შეუქმნა, რომელიც ფრანგმა ხელიდან გაუშვა. ამის შემდეგ, „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ვიტინიას მაღალი პრესინგის დამსახურებით, გოლი გაიტანა. კარგი თამაში ჰქონდა და ეფექტურად დარბოდა.

Le Parisien – 5.5 ქულა: სეზონის დასაწყისიდან არასტაბილური ქართველი ფეხბურთელი ყოველთვის ცვლის თამაშის ტემპს. ის პირველივე შანსს იყენებს და გოლი გააქვს, მეორე ტაიმს სოლო კონტრშეტევით იწყებს, რომელიც „ლიონის“ დაცვას ჭრის. თუმცა, ლიგა 1-ში ის მაინც ზედმეტად არხეინადაა.

ხვიჩა კვარაცხელია ლიონთან გოლს აღნიშნავს

„პარი სენ-ჟერმენმა“ ლიგა 1-ში ლიდერობა დაიბრუნა. 12 ტურის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდი სატურნირო ცხრილში 27 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე-მესამე ადგილოსან „მარსელსა“ და „ლანსს“ 2 ქულით უსწრებს.

საგულისხმოა, რომ „ლიონთან“ გატანილი გოლი ხვიჩასთვის ისტორიული იყო. ქართველმა შემტევმა ევროპის ტოპ 5 ლიგაში 33-ე გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს გადაასწრო და ევროპაში ყველაზე შედეგიანი ქართველი ფეხბურთელი გახდა.

„პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „ლე ავრის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას ისტორიული გოლი - პსჟ-მა ლიონს ბოლო წუთზე მოუგო
ხვიჩას ისტორიული გოლი - პსჟ-მა ლიონს ბოლო წუთზე მოუგო