ნოვაკ ჯოკოვიჩი, ლორენცო მუზეტი
Aa
Aa

101-ე ტიტული კარიერაში - ჯოკოვიჩმა ათენის ტურნირი მოიგო

ათენის 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩის წარმატებით დასრულდა. ლეგენდარულმა სერბმა კარიერაში 101-ე ტიტული მოიგო.

ნოლემ ფინალში საკმაოდ რთული მოწინააღმდეგე ლორენცო მუზეტი სამ სეტში 4:6 6:3 7:5 დაამარცხა. მატჩი ზუსტად 3 საათი გაგრძელდა.

პირველ სეტში იტალიელი საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებელი იყო. მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა და საპირისპირო ბრეიკი არ მიუღია. სეტი კი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ნოვაკმა თამაში გამოასწორა და საკუთარ ჩაწოდებაზე ნაკლებ შეცდომას უშვებდა. მე-8 გეიმში ბრეიკი შეასრულა, სეტზე ჩააწოდა და მატჩი დისაიდერში გადაიყვანა.

მესამე სეტი განსხვავებული აღმოჩნდა. მესამე გეიმში ჯოკოვიჩმა ბრეიკი შეასრულა და წინ გავიდა, თუმცა მე-6 გეიმში მუზეტიმ წონასწორობა აღადგინა. უმალ ჯოკოვიჩმა უკუბრეიკი შეასრულა და კვლავ დაწინაურდა.

იმ დროს, როდესაც სერბი მატჩზე აწვდიდა, მუზეტიმ კვლავ შეძლო ბრეიკის შეასრულება, მაგრა მისი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მე-11 გეიმში ნოვაკი კვლავ წინ გავიდა, მატჩზე ჩააწოდა და ჩემპიონი გახდა. ნოლე 38 წლის და 170 დღის ასაკში ATP-ის ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები