გამარჯვება სეტის წაუგებლად - სინერმა ლიდერობა დაიბრუნა
იანიკ სინერი პარიზის მასტერსის გამარჯვებულია. იტალიელმა ჩოგბურთელმა ტურნირის ფინალში ფელიქს ოჟე-ალიასიმი ორ სეტში, 6:4, 7:6 დაამარცხა და წლევანდელ სეზონში მე-5, კარიერაში კი 23-ე ტიტული მოიგო. მის წარმატებას კიდევ უფრო დიდებულს ხდის ის ფაქტი, რომ შეჯიბრება ისე მოიგო, არც ერთ მატჩში ერთი სეტიც არ დაუთმია. ბოლოს ასეთი მიღწევა კარლოს ალკარასს ჰქონდა, რომელმაც ანალოგიური რამ 2023 წლის ინდიან უელსზე გააკეთა.
შეხვედრა საათსა და 51 წუთს გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე სინერმა ექვსიდან ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ექვსი ეისი შეასრულა და ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. რაც შეეხება ოჟე-ალიასიმს, კანადელმა რვა ეისი შეასრულა, ორი ორმაგი და ცამეტი უნებლიე შეცდომა დაუშვა.
ამ გამარჯვებით იანიკ სინერმა რეიტინგში ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა ზუსტად ერთი კვირით, რადგან შვიდი დღის შემდეგ პირველ პოზიციაზე ისევ ალკარასი გადავა.