ბუბლიკმა მუტეს ვირთხა უწოდა - ჩოგბურთელების მეორე კონფლიქტი
ყაზახეთის სახელით მოასპარეზე რუსმა ჩოგბურთელმა, ალექსანდრ ბუბლიკმა ორ სეტში, 6:3, 7:5 ფრანგი კორენტინ მუტე დაამარცხა და პარიზის მასტერსის მესამე წრეში გავიდა.
თამაშს დაპირისპირების გარეშე ამჯერადაც არ ჩაუვლია. ბუბლიკსა და მუტეს უკვე ჰქონდათ კონფლიქტი Arizona Tennis Classic-ზე, თუმცა ამჯერად სიტუაცია უფრო დაიძაბა.
პარიზში მატჩის წინ მუტემ პირობა დადო, რომ ბუბლიკს გაუსწორდებოდა: „მას მოსწონს მეტოქეების დაცინვა. მე ვეცდები, ის სახლში გავუშვა“.
აშკარაა, რომ ფრანგ ჩოგბურთელს ახსოვდა აპრილის კამათი აშშ-ში. მაშინ, ჩაწოდების წინ, მუტემ დრო ითხოვა და თქვა, რომ მიღებისთვის მზად არ იყო. რაზეც ბუბლიკმა უპასუხა: „ფეხებზე მკიდია“. მატჩის შემდეგ ხელის ჩამორთმევისას კი საერთოდ ჩხუბი შესთავაზა: „ჩხუბი გინდა? მოდი, შევხვდეთ ათ წუთში კორტის გარეთ. ეს პატარა ფრანგი ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ჩხუბი არ უნდა!“
რაც შეეხება პარიზში მომხდარ ინციდენტს, ტრანსლაციაში მოხვდა ბუბლიკის დიალოგი სამწვრთნელო შტაბთან. „დიახ, ეგ ხო დამპალი ვირთხაა“ - თქვა ალექსანდრმა.
მატჩის შემდეგ, მან კამერაზე მარკერით დაწერა ფრაზა „სახლისკენ“, შემდეგ კი პირდაპირ კორტზე თქვა: „აშკარაა, ის ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს მატჩების წინ, ძალიან ბევრს. ასე რომ, მე მხოლოდ ერთი გზა მქონდა – მისი დასჯა, სხვა ვარიანტი არ იყო“.
მატჩის შემდგომ ინტერვიუში, ბუბლიკმა მეტოქეს კიდევ ერთხელ წაკბინა: „მუტემ თქვა, ყველაფერს გააკეთებდა, რომ სახლში გავეშვი. კარგია, რომ ის პარიზში ცხოვრობს. ტაქსით არც ისე შორსაა“.
თვის მხრივ, ფრანგი ტაქსის შესახებ მის ნათქვამს გამოეხმაურა და თქვა, რომ ახლა დუბაიში ცხოვრობს. ასევე მან აღნიშნა, რომ თამაშში დაძაბულობა არ უგრძვნია და ცდილობდა საკუთარ თავზე კონცენტრირებულიყო.
„ბუბლიკს უყვარს სიტყვიერი კამათი ხალხთან. მე ეს არ მომწონს. როდესაც საქმე სიტყვებს სცილდება, ვიცი, როგორ იქცევიან ადამიანები, და ვიცი, როგორი ხასიათი აქვს მას, გარდა იმისა, რასაც მედიაში აჩვენებენ“, – განაცხადა მუტემ.
შეგახსენებთ, რომ მუტეს შემდეგ ბუბლიკმა ტეილორ ფრიტციც დაამარცხა და პარიზის მასტერსის მეოთხედფინალში გავიდა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                         
                         
                        