ბითაძის 7 ქულა და 5 მოხსნა | ორლანდომ საფინალო სირენასთან ერთად მოიგო
გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ქართველი კალათბურთელის გუნდი საკუთარ პარკეტზე „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს“ დაუპირისპირდა და 115:112 მოიგო.
მატჩის დასრულებამდე 1.9 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო – 112:112. შეტევა „მეჯიქს“ ჰქონდა და ბოლო სროლა დესმონდ ბეინს მიანდეს. ბეინმა ურთულესი სამქულიანი საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო და „ორლანდოს“ თამაში მოაგებინა.
ბითაძემ პარკეტზე 17 წუთი და 48 წამი გაატარა. გოგამ 7 ქულა, 5 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 1 ბურთი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. გოგა სამჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს
„ორლანდოს“ რიგებში საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო – 28 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა. დესმონდ ბეინმა 22 ქულა მიითვალა, ხოლო უენდელ კარტერ ჯუნიორმა და ფრანც ვაგნერმა 19-19 ქულა დააგროვეს. „პორტლენდის“ მხრიდან 31 ქულით შეიდონ შარპი გამოირჩა. დენი ავდიას 27 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, „მეჯიქის“ ანგარიშზე 5 მოგება და 6 წაგებაა. „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 პოზიციას იკავებს და მომდევნო შეხვედრა 13 ნოემბერს, „ნიუ იორკ ნიქსის“ წინააღმდეგ ელის.