„ამიტომ აღარ გადავტვირთეთ“ - უდინეზეს მწვრთნელი გოგლიჩიძეზე
გუშინ, იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში საბა გოგლიჩიძის „უდინეზე“ სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდა და 2:0 დამარცხდა.
ქართველ მცველს მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი „უდინეზეს“ მთავარმა მწვრთნელმა კოსტა რუნიაიჩმა იტალიურ მედიასთან საბა გოგლიჩიძის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
რა თქვა რუნიაიჩმა საბაზე:
„მან ბოლო მატჩში ფიზიკური პრობლემების გამო არ ითამაშა. საბას თამაში საქართველოს ნაკრებშიც მოუწევს და ამიტომ, აღარ გადავტვირთეთ. ბევრი ცენტრალური მცველი გვყავს და მისი დასვენების შესაძლებლობა იყო. ვიმედოვნებთ, რომ საბა ნაკრებიდან კარგ ფორმაში დაბრუნდება.“
11 ტურის შემდეგ, „უდინეზე“ იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილში 15 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ, 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართავს.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ დასკვნით მატჩს გამართავს. 15 ნოემბერს, ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 18 ნოემბერს კი სტუმრად ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.