„მალე დავბრუნდები“ - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
„რეალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ სამუშაოს დაუბრუნდეს.
ლეგენდარულმა ფრანგმა მონაწილეობა მიიღო ტულონში გამართულ საქველმოქმედო მატჩში, რომელიც მისმა მეგობარმა მოაწყო, თუმცა თავად არ უთამაშია. იქ მყოფმა ჟურნალისტებმა კი ზიზუს რამდენიმე კითხვა მაინც დაუსვეს.
„მინდოდა მინდორზე გასვლა, მაგრამ ჩვენ არ ვახალგაზრდავდებით. ვბერდებით და, სამწუხაროდ, დროდადრო ტრავმებს ვიღებთ. ასე რომ, ჯერჯერობით მწვრთნელად დავრჩები“.
– როდის გნახავთ ისევ მინდორზე?
„მალე, იმედია“.
– მწვრთნელის სკამზე?
„დიახ, მალე“.
- უპასუხა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ ზიდანი 2021 წლის შემდეგ მთავარ მწვრთნელად აღარ მუშაობს. 53 წლის სპეციალისტი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე მთავარ კანდიდატად განიხილება, როცა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დიდიე დეშამი თანამდებობას დატოვებს.