ალონსო ზიზუს შეუერთდა - რეალის მწვრთნელები, რომლებმაც ბარსასთან ცუდად დაიწყეს
გასულ კვირას „ბარსელონასთან“ მოპოვებული გამარჯვება ჩაბი ალონსოსთვის რიგითი და იოლად დასავიწყებელი ნამდვილად არ იქნება. 2008 წლიდან მოყოლებული ის მადრიდის „რეალის“ ისტორიაში მხოლოდ მეორე მწვრთნელია ზინედინ ზიდანის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო „ელ კლასიკოში“ გაიმარჯვა. მათ გარდა, სამეფო კლუბს ბოლო 17 წელიწადში კიდევ ექვსი სპეციალისტი ხელმძღვანელობდა, რომელთაც ამ მხრივ წარმატების მიღწევა ვერ შეძლეს.
ხუანდე რამოსი
2008 წლის დეკემბერში უკვე ცხადი იყო, რომ „რეალი“ კატასტროფისკენ მიექანებოდა - 14 ტურში მადრიდელებს 24 გოლი ჰქონდათ გაშვებული და პეპ გუარდიოლას „ბარსელონას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 9 ქულით ჩამორჩებოდნენ. ამას დაემატა ისიც, რომ „ბლაუგრანასთან“ დაპირისპირებამდე ერთი კვირით ადრე, „ბლანკოსი“ „სევილიასთან“ 3:4 დამარცხდა, თუმცა ბერნდ შუსტერს „დალაქებთან“ მარცხზე უფრო მეტად კარისკენ იმის გამო მიუთითეს, რომ ანდალუსიელებთან მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „რეალს“ „ბარსას“ დამარცხების არანაირი შანსი არ ჰქონდა. გერმანელის ნაცვლად დანიშნულმა ხუანდე რამოსმა კი განწყობა ინჩასებს აშკარად გამოუკეთა და მედიასთან პირველივე შეხვედრისას განაცხადა, რომ „ბლანკოსს“ „ბარსას“ ძლევა ყოველთვის შეუძლია. ახალი მწვრთნელის საბრძოლო სულისკვეთების მიუხედავად, „რეალის“ მდგომარეობა რეალურად სავალალო იყო. გუნდს რუუდ ვან ნისტელროის, მამადუ დიარას, რუბენ დე ლა რედის, პეპეს, მიგელ ტორესისა და გაბრიელ ჰაინცეს სახით ექვსი ტრავმირებული ჰყავდა, ხოლო არიენ რობენი დისკვალიფიცირებული იყო.

რამოსმა თამაში კონტრშეტევებზე ააწყო - დაცვის მარჯვენა ფლანგზე მიჩელ სალგადო დააყენა, მარცხნივ კი სერხიო რამოსი განამწესა და ლიონელ მესის მეურვეობა დაავალა. მადრიდელებმა ბურთი მთლიანად მოწინააღმდეგეს დაუთმეს და კონტრშეტევაზე ძალიან კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ვიქტორ ვალდესთან ერთი-ერთზე გასულმა როისტონ დრენტემ მშვენიერი შანსი ვერ გამოიყენა. ყველა „სიკეთესთან“ ერთად, მატჩის მიმდინარეობისას სამეფო კლუბმა ტრავმის გამო ვესლი სნეიდერი დაკარგა, რომელიც შესვენების შემდეგ მიგელ პალანკამ ჩაანაცვლა. ამ უკანასკნელს მანამდე მთავარ გუნდში ნათამაშები საერთოდ არ ჰქონდა. სხვათა შორის პალანკას საგოლე მომენტი შეექმნა და ვერ გამოიყენა. თავად მიგელი ახლაც სინანულით აღნიშნავს, რომ იმ ეპიზოდში ოდნავ უკეთ რომ ეთამაშა, მისი მადრიდული კარიერა გაცილებით კარგად წარიმართებოდა.
უკანასკნელ 25 წუთში „ბარსელონამ“ „რეალზე“ ზეწოლა გაზარდა - იმდენად გაზარდა, რომ 11-მეტრიანის დარტყმის უფლებაც მოიპოვა, რომელიც სამუელ ეტოოს იკერ კასილიასმა აუღო. თუმცა, მოსახდენი მაინც მოხდა - ჯერ კამერუნელმა ფორვარდმა გამოასწორა შეცდომა, ხოლო საბოლოო წერტილი მესიმ დასვა - 2:0. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხუანდე რამოსმა განაცხადა: „გუნდს ერთი კვირაც არ არის, რაც ვავარჯიშებ, დამხვდა უამრავი ტრავმირებული და ვეთამაშეთ ბრწყინვალე ფორმაში მყოფ „ბარსას“ - აქედან გამომდინარე, დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, არაფერს შევცვლიდი“. კლასიკოში გამარჯვებას გემო დონ ხუანდემ მაინც ვერ გაუსინჯა - მეორე წრეში მისი მომზადებული „ბლანკოსი“ „ბლაუგრანასთან“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 2:6 დამარცხდა და ამ მატჩიდან ერთი თვის თავზე ის პოსტიდან გაანთავისუფლეს.
მანუელ პელეგრინი
2009 წლის ზაფხულში ხუანდე რამოსი მანუელ პელეგრინიმ შეცვალა, რომელზეც არჩევანი „რეალის“ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულმა ფლორენტინო პერესმა შეაჩერა. ამ უკანასკნელმა ჩვეულ სტილში, მასშტაბური სატრანსფერო კამპანია აწარმოა და ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, რიკარდო კაკა, კარიმ ბენზემა და „ბლანკოსის“ ამჟამინდელი დამრიგებელი ჩაბი ალონსო იყვნენ. სადებიუტო „ელ კლასიკოს“ პელეგრინი კარგი განწყობითა და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ლიდერის ამპლუაში შეხვდა. ამ ყველაფერს თან დაერთო სასიამოვნო სიახლე რონალდუს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებით, რომელსაც ტრავმის გამო ორი თვე ჰქონდა გამოტოვებული. სამეფო კლუბი ფავორიტად არ ითვლებოდა, უბრალოდ დედაქალაქელ გულშემატკივრებს აინტერესებდათ, რამდენად პროგრესირებდა მათი საყვარელი გუნდი.

„კამპ ნოუზე“ გამართულმა შეხვედრამ ბევრი სასიამოვნოდ გააოცა, „რეალმა“ ბურთი მეტოქეს არ დაუთმო და დარტყმებშიც (16:9) აჯობა. თამაშს ორი გმირი ჰყავდა - კატალონიური გრანდის რიგებში კაპიტანი კარლეს პუიოლი ბრწყინავდა, რომელმაც საოცარი თავგანწირვის ხარჯზე მშობლიური გუნდი გაშვებული ბურთისგან რამდენჯერმე იხსნა, ხოლო მადრიდელთა შემადგენლობაში რიკარდო კაკა, რომლისთვისაც „ბლანკოსში“ ეს ალბათ საუკეთესო პერფომანსი იყო. ყველა შეტევა მისი გავლით ხორციელდებოდა, თუმცა კრიშტიანუმ და გონსალო იგუაინმა იზექსონ ლეიტეს გარჯა ვერ დაუფასეს და რამდენიმე საგოლე მომენტი გაანიავეს. ყველაფერი კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გადაწყვიტა, რომელიც ცვლილებაზე შევიდა და ბურთთან პირველივე შეხებით იკერ კასილასის კარი დალაშქრა.
ჟოზე მოურინიო
2010 წლის ნოემბერში გამართული „ელ კლასიკო“ საფეხბურთო ჩარჩოებს გასცდა, რაც მთლიანად ჟოზე მოურინიოს დამსახურებაა, რომელიც „რეალის“ დამრიგებლად მანუელ პელეგრინის ნაცვლად დაინიშნა. პერესი მისი კანდიდატურით იმ უბრალო მიზეზის გამო მოიხიბლა, რომ პორტუგალიელი „ბარსელონას“ დამარცხების რეცეპტს ფლობდა, რადგან რამდენიმე თვის წინ მის მომზადებულ „ინტერს“ „ბლაუგრანასთვის“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ჰქონდა მოგებული. „განსაკუთრებული“ სადებიუტო კლასიკოს დაუმარცხებლად შეხვდა - ის ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაში 17 მატჩი არ აგებდა, ჰყავდა შემტევი, აგრესიული გუნდი, რომლის მთავარი ვარსკვლავიც მისი თანამემამულე კრიშტიანუ რონალდუ გახლდათ. მადრიდელ ქომაგებს ბოლომდე სჯეროდათ, რომ „ბარსასთან“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია სწორედ პორტუგალიელის ხელმძღვანელობით დასრულდებოდა. თუმცა, კატალონიელებიც არაჩვეულებრივ ფორმაში იყვნენ - კლასიკომდე ერთი კვირთ ადრე „ალმერია“ 8:0 დაამარცხეს, რაზეც კრიშტიანუმ ასე იხუმრა: „ჩვენ 8 გოლს ნამდვილად ვერ გაგვიტანენ“.
იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, რომ თანაბარი მატჩი იქნებოდა, რომლის ბედსაც მცირე დეტალები გადაწყვეტდნენ, თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. „რეალის“ პრობლემები ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე დაიწყო - შესანიშნავ ფორმაში მყოფ გონსალო იგუაინი განაცხადიდან ზურგის ტკივილის გამო ამოიღეს და სეუ ჟოზე იძულებული გახდა სათამაშო გეგმა შეეცვალა. „პიპიტა“ კარიმ ბენზემამ ჩაანაცვლა, რომელსაც ადაპტაციის პროცესი ბოლომდე დასრულებული არ ჰქონდა.

მეთვრამეტე წუთისთვის ანგარიში უკვე 2:0 იყო, მოურინიოს სათამაშო სქემა კი დამსხვრეული. ამას მოჰყვა აუტის მოწოდების დროს კრიშტიანუ რონალდუსა და პეპ გუარდიოლას შორის მომხდარი ინციდენტი, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა, თუმცა დიდ არეულობაში გადაიზარდა. შესვენებაზე პორტუგალიელის მიერ შეტანილმა კორექტივებმა „ბლანკოსის“ თამაში არსებითად ვერ შეცვალა. პირიქით, დედაქალაქელებმა კიდევ სამი ბურთი გაუშვეს და ალბათ ისტორიაში ყველაზე დამამცირებელი მარცხი იწვნიეს. თითქოს გუნდი 2009 წლის პერიოდს დაუბრუნდა და პელეგრინის დროს მიღწეული პროგრესი მთლიანად წაიშალა.
შეხვედრის ბოლოს სერხიო რამოსს ნერვებმა უმტყუნა და მესისთან უხეშობისთვის გააძევეს, რის შემდეგაც ფიზიკურად ჯერ კარლეს პუიოლს, შემდეგ კი ჩავი ერნანდესს დაუპირისპირდა. ეს იყო ინციდენტი, რომლის გამოც ესპანეთის ნაკრებში დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა და მის დასალაგებლად ვისენტე დელ ბოსკეს საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა.
კარლო ანჩელოტი
„რეალში“ გატარებული პირველი თვეები იტალიელი სპეციალისტისთვის ძალიან რთული გამოდგა. იდეალური ტაქტიკის ძიებაში შემადგენლობას გამუდმებით ცვლიდა. კარლიტომ პირველივე სერიოზული გამოცდა ვერ ჩააბარა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მადრიდულ დერბიში „ატლეტიკოსთან“ 0:1 დამარცხდა, რის გამოც „ელ კლასიკოს“ ოპტიმიზმით არავინ ხვდებოდა. ანჩელოტი „რეალის“ ზედიზედ მეოთხე მწვრთნელი იყო, რომელსაც „ბარსელონასთან“ პირველი მატჩის ჩატარება „ნოუ კამპზე“ უწევდა. რაც შეეხება მის მაშინდელ ვიზავის, ტატა მარტინოს ბლაუგრანას წინა სეზონი ცუდად ჰქონდა დასრულებული, ახალი კი კარგად დაწყებული - 9 ტურში 8 მოგება და 1 ფრე.
ანჩელოტიმ ამ მატჩში უაზრო ექსპერიმენტებს მიმართა - სერხიო რამოსმა საყრდენ ზონაში ლუკა მოდრიჩთან და სამი ხედირასთან ერთად ითამაშა, წინა ხაზში კი დი მარია-რონალდუ-ბეილის ტრიო იდგა, ხოლო ბენზემა თადარიგში იჯდა, ყოველივე ამან არ გაამართლა, მადრიდელები ბურთს ხშირად კარგავდნენ და დაცვიდან კარგად ვერ ამოდიოდნენ, რამოსი კი ინერციით ხანდახან ცენტრალური მცველის პოზიციაზე ხვდებოდა. სამეფო კლუბმა 1:2 წააგო, უნდიანო მალიენკომ ხავიერ მასკერანოს მიერ კრიშტიანუ რონალდუზე წესის დარღვევის გამო 11-მეტრიანი არ დანიშნა და ამ მომენტიდან ძალიან მალე ალექსის სანჩესმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (პირველი ბურთი ნეიმარმა გაიტანა). მატჩის შემდეგ კარლიტომ თქვა: „პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებ, რაღაც ახლის მოსინჯვა ვცადეთ, რამაც არ გაამართლა. თითქოს ფეხბურთელები ზედმეტი დავალებებით გადავტვირთე“.

ამ მატჩის შემდეგ Marca-მ 30 ათასი ადამიანი გამოკითხა, რომელთა 72 პროცენტმა შეკითხვაზე, შეძლებდა თუ არა ანჩელოტი სამეფო კლუბის წარმატებებამდე მიყვანას, უარყოფითი პასუხი გასცა. კლასიკოს საამისო პირი არ უჩანდა, რასაც „ვილიარეალთან“ ქულების დაკარგვა და „ელჩესთან“ და „ლევანტესთან“ გაჭირვებით მოპოვებული გამარჯვება მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ყველაფრის შემდეგ, გუნდის ლიდერებმა ანჩელოტისგან მოითხოვეს ერთ კონკრეტულ სქემაზე და შემადგენლობაზე ჩამოყალიბება. ზუსტად ორ კვირაში კი ყველაფერი დალაგდა - დი მარიამ მოედნის ცენტრში ჩამოიწია, წინ კი BBC-ის (ბენზემა-ბეილი-კრიშტიანუ) ტრიო დადგა, რამაც ასი პროცენტით გაამართლა და რამდენიმე თვეში „ბლანკოსმა“ ნანატრი მეათე ჩემპიონთა თასი მოიგო.
რაფაელ ბენიტესი
ბენიტესმა „რეალში“ მხოლოდ ნახევარი წელიწადი გაატარა - 2015 წლის ზაფხულში დანიშნეს და 2016 წლის იანვარში გაუშვეს. სეზონის სტარტი მადრიდელებისთვის არაჩვეულებრივი გამოდგა, ნოემბრამდე არ აგებდნენ, 12 ტურში მხოლოდ 3 გოლი გაუშვეს და საკლუბო რეკორდი დაამყარეს. თუ მოედანზე ყველაფერი რიგზე იყო, გასახდელში სიტუაცია აირია და რაფამ გუნდის ლიდერებთან ურთიერთობა ვერ დაალაგა. პირველ საგანგაშო სიგნალს ადგილი „სევილიასთან“ (2:3) წაგების შემდეგ ჰქონდა, როდესაც კრიშტიანუმ ბენიტესი ზედმეტად პრაგმატული სტილის გამო გააკრიტიკა, თანაც ეს ყველაფერი „ელ კლასიკოს“ წინ მოხდა. „რეალთან“ დაპირისპირებისთვის მომჯობინება მოასწრო ლეო მესიმ, თუმცა ლუის ენრიკემ არ გარისკა და ლიდერი თადარიგში დატოვა.
ბენიტესმა 4-2-3-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, კროოსი-მოდრიჩის დუეტი საყრდენ ზონაში, ხამესი კი ათიანის პოზიციაზე დააყენა. „ელ მონგოლიკოს“ გარეშეც ბლაუგრანა ბლანკოსს იოლად გაუმკლავდა და 4:0 დაამარცხა. ქომაგებმა „სანტიაგო ბერნაბეუ“ საფინალო სასტვემამდე 15 წუთით ადრე დატოვეს და თეთრი ცხვირსახოცების ფრიალიც დაიწყეს. პერესმა ბენიტესის გაშვება მაშინვე გადაწყვიტა, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილების მისაღებად შესაფერის მომენტს ეძებდა. Cadena Ser-ი კი ირწმუნებოდა, რომ „ბარსასთან“ მარცხი არამხოლოდ რაფას, არამედ პერესის ბრალიც იყო, რომელიც შემადგენლობის შერჩევის დროს მთავარი მწვრთნელის საქმეში უხეშად ჩაერია და კაზემიროს ნაცვლად სასტარტოში კაზემიროს დაყენება აიძულა, თუმცა 2021 წელს მიცემულ ინტერვიუში რაფამ ეს ყველაფერი კატეგორიულად უარყო.
ჟულიენ ლოპეტეგი
ზინედინ ზიდანის მწვრთნელობის პირველი ეტაპი „რეალში“ 2018 წელს დასრულდა. ფრანგის გადაწყვეტილება ფლორენტინო პერესისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ სამი სასურველი კანდიდატიდან (მაურიციო პოჩეტინიო, მასიმილიანო ალეგრი, იულიან ნაგელსმანი), ვერც ერთთან მოლაპარაკებების წარმოება ვერ მოასწრო და ესპანეთის ნაკრებს მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჟულიენ ლოპეტეგის სახით მთავარი მწვრთნელი წაართვა. არცთუ ცუდი დასაწყისის შემდეგ, „ბლანკოსს“ ჩავარდნა დაეწყო - ერთი თვე გამარჯვების გარეშე და 5 მატჩში მხოლოდ 1 გატანილი გოლი.
შესაბამისად, ჟულიენისთვის ოქტომბრის „ელ კლასიკო“ თავის გადარჩენის ერთადერთი გზა გახლდათ, თუმცა ტრავმირებული ლიონელ მესის გარეშეც კი „ბარსელონამ“ საკმაოდ იოლად, 5:1 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში კატალონიელები 2:0-ს იგებდნენ, რის გამოც ლოპეტენგი ვა-ბანკზე წავიდა და სამცველიან ტაქტიკაზე გადაეწყო, რამაც მხოლოდ მეორე ტაიმის სტარტზე გაამართლა, როდესაც მარსელომ სხვაობა შეამცირა, ხოლო ლუკა მოდრიჩმა ბურთი ძელს მოარტყა. თუმცა ამის შემდეგ „ბარსამ“ ისევ ყველაფერი თავის სასურველ კალაპოტში გადაიყვანა და მადრიდელების კარი კიდევ სამჯერ აიღო, რამაც „ბლანკოსის“ კიდევ ერთი დამრიგებლის თანამდებობა შეიწირა.
 
                             
                                                         
                                 
                                             
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                                                                 
                         
                         
                         
                         
                         
                        