ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ლუის ენრიკე, ანდრეს ინიესტა
Aa
Aa

მკაცრი წესები და კონფლიქტი მესისთან - როგორ მოიგო ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა

გვარდიოლას გარეშე, პირველ სეზონში „ბარსელონამ“ ლა ლიგა მოიგო და 100 ქულა დააგროვა. ჩემპიონატის მიმდინარეობისას პეპის მემკვიდრეს, ტიტო ვილანოვას, კიბოს რეციდივი დაუდგინდა.

მან ოპერაცია გაიკეთა, ორ-ნახევარი თვე გამოტოვა და მუშაობას დაუბრუნდა, მაგრამ 2013 წლის ზაფხულში მკურნალობა კვლავ საჭირო გახდა – მწვრთნელად დარჩენა წარმოუდგენელი იყო.

კლუბის პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა მემკვიდრის შესარჩევად ერთი კვირა გამოყო. სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ მას 2 კანდიდატი შესთავაზა: ლუის ენრიკე და ერნესტო ვალვერდე.

საბოლოოდ, „ბლაუგრანა“ ენრიკემ ჩაიბარა. ლუისმა განაცხადა, რომ ის იქნებოდა არა მხოლოდ მწვრთნელი, არამედ ლიდერიც. თხოვნაზე, რამდენიმე სიტყვით დაეხასიათებინა საკუთარი თავი, ლუის ენრიკემ ასე უპასუხა: „მაღალი, სიმპათიური, მეგობრული ასტურიელი“.

სათამაშო ფილოსოფიაზე კი მან ასე ისაუბრა: „საუკეთესო დაცვა - ბურთის ფლობაა, მაგრამ ეს იდეა უნდა განვითარდეს და გამდიდრდეს, რათა მეტოქეებისთვის პროგნოზირებადი არ გავხდეთ“.

კლუბში მისვლის შემდეგ, ახალმა მწვრთნელმა ფეხბურთელებისთვის განკუთვნილი წესების სია განაახლა. პირველი პუნქტი იყო ვალდებულება, რომ ფეხბურთელები ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მისულიყვნენ. ვარჯიში ჩვეულებრივ 11:00 საათზე იწყებოდა, თავად მწვრთნელი კი 7:30 საათზე, ან ცოტა ადრეც ჩნდებოდა, თუკი ველოსიპედით მოდიოდა და შხაპის გადავლება სჭირდებოდა.

სხვა წესები ეხებოდა ალკოჰოლის მოხმარების აკრძალვას, შუაღამის შემდეგ გარეთ ყოფნის აკრძალვას (მატჩის წინა დღეებში). ტელეფონის გამოყენების აკრძალვას სამუშაო საათებში: 2014 წლის შემოდგომაზე, „ესპანიოლთან“ მატჩის დროს, სკამზე მჯდომმა ჟერარ პიკემ ჯიბიდან აიფონი ამოიღო, რისთვისაც ლუის ენრიკემ ის არა მხოლოდ დააჯარიმა, არამედ სამი მატჩიც გამოატოვებინა.

ლუის ენრიკე

ლა ლიგის 2014/15 სეზონის პირველ რვა ტურში, „ბარსელონას“ გოლი არ გაუშვია, თუმცა ლუის ენრიკემ დაცვის ხაზის 6 ვარიანტი გამოსცადა, სადაც მატიე, ალვესი, ალბა, პიკე, მასკერანო, ბარტრა, ადრიანო, მონტოია და დუგლასი გამოიყენა.

„ბურთის გარეშე ჩვენ ვართ 11 მცველი. ბურთით კი - 11 თავდამსხმელი“, – განმარტა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩამდე, „აპოელთან“ შეხვედრის წინ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, „ბარსა“ „პარკ დე პრენსზე“ 2:3 დამარცხდა – ტრავმირებული იბრაჰიმოვიჩის არყოფნის პირობებში გამარჯვების გოლი ბლეზ მატუიდიმ გაიტანა.

მის პოზიციაზე მოთამაშე ჩავიმ, მოედანზე ბოლო ოცი წუთი გაატარა და ამით რაულის რეკორდი მოხსნა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.

უკვე მეორე დღეს, ჩავიმ Adidas-ის ღონისძიებაზე მიცემული ინტერვიუ, ლუის ენრიკესთვის გზავნილისთვის გამოიყენა: „მინდა მეტი ვითამაშო და თავი ვიგრძნო  სასარგებლოდ, მნიშვნელოვნად“, - თქვა ჩავიმ.

ჩემპიონთა ლიგის მესამე მატჩში, „აიაქსთან“, ჩავი მოედანზე საერთოდ არ გამოსულა. მის გარეშე გუნდმა 3:1 მოიგო, ხოლო მატჩის შეუმჩნეველი გმირი მასკერანო გახდა.

 „აიაქსთან“ მატჩამდე, „ბერნაბეუზე“ „კლასიკო“ გაიმართა, სადაც „ბარსას“ შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა სუარესს.

როდესაც ლუისს კბენისთვის მიღებული დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვის შემდეგ, „ბარსასთან“ ვარჯიშის ნება დართეს, ლუის ენრიკემ გუნდს უთხრა: „ბოლოს და ბოლოს, ის გუანტანამოდან გამოვიყვანეთ და დღეს ჩვენთან ერთად ვარჯიშობს“.

სუარესმა „ბარსაში“ თამაში „კლასიკოში“ ნეიმარისთვის გაკეთებული ასისტით დაიწყო. ერთი თვის შემდეგ მან „აპოელს“ გაუტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „პსჟ“-სთან (3:1) გოლი+ასისტი მიითვალა.

„აიაქსთან“ საპასუხო თამაშში (2:0) ლეომ დუბლი შეასრულა, კვიპროსზე, „აპოელთან“ კი - ჰეთ-თრიქი. არგენტინელმა ფეხბურთელმა რაულს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სულ რაღაც თვენახევარში, 2015 წლის 7 იანვარს, ბარსელონურმა გაზეთმა Sport-მა მესისა და ლუის ენრიკეს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ დაწერა.

არგენტინელ, რომელიც ისედაც განაწყენებული იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში წაგებით, შეაშფოთა ახალი მწვრთნელის პირველმა ინტერვიუმ, სადაც მან საკუთარ თავს გუნდის ლიდერი უწოდა. ამას დაემატა მეგობრების – პინტოსა და ფაბრეგასის წასვლა და ასევე ლუის ენრიკეს სურვილი, რომ გუნდი დამშვიდობებოდა პეპე კოსტას, რომელიც ახალწვეულთა ინტეგრაციაზე იყო პასუხისმგებელი და მესის მფარველობდა.

იმის დანახვისას, თუ როგორ განაწყენდა ლეო გუნდის ეკიპირების მენეჯერის, ჩემა კორბელიას წასვლით, პრეზიდენტმა ბართომეუმ კოსტას გათავისუფლება გადაიფიქრა.

თუმცა, მალე მესის სიმშვიდე კვლავ დაეკარგა. „კლასიკოში“ 1:3 წაგების შემდეგ, „ბარსა“ სახლში „სელტასთანაც“ დამარცხდა, გასახდელში კი ლეომ შემადგენლობა და ტაქტიკა გააკრიტიკა (როგორც მედიაში დაიწერა, ის ფიქრობდა, რომ ვინგერებს ფლანგებთან უფრო ახლოს უნდა ეთამაშათ და არა ცენტრში დაჯგუფებულიყვნენ).

მას შემდეგ მთავარი მწვრთნელი და საუკეთესო მოთამაშე დიდხანს არ ურთიერთობდნენ. ლეოს გვარდიოლასთანაც ჰქონდა მსგავსი კონფლიქტები. თუმცა მაშინ სიტუაციას პეპის ასისტენტები არეგულირებდნენ.

ლუის ენრიკე და ლიონელ მესი

2014 წლის დეკემბრის ბოლოს, „კორდობასთან“ თამაშში დუბლის შესრულების შემდეგ, ლეო როსარიოში გაემგზავრა, სადაც ტრადიციულად შობას აღნიშნავდა.

ლუის ენრიკე მას 30 დეკემბერს დაბრუნებას სთხოვდა, მაგრამ მესი ამ მითითებას არ დაემორჩილა და ისე მოიქცა, როგორც ამის ნებას ძველი მწვრთნელები რთავდნენ – ახალი წლის შემდეგ ჩამოვიდა.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ თამაშებამდე. ლეომ ლა ლიგაში შედეგიანი და ბრწყინვალე სერია აჩვენა: 6 მატჩში 11 გოლი და 8 საგოლე პასი.

3:1 გამარჯვების შემდეგ, მესიმ კლუბის ტელევიზიით განცხადება გააკეთა:

„როგორც წესი, არაფერს უარვყოფ, მაგრამ ახლა ამას გავაკეთებ. ჩემსა და ლუის ენრიკეს შორის მეტოქეობა არ არის. ბევრჯერ უთქვამთ, რომ გუნდიდან ვინმეს ვაგდებ... მე არ მითხოვია ჩვენი მწვრთნელის დათხოვნა. ადამიანები, რომლებიც ამას იგონებენ, გუნდს ზიანს აყენებენ. მე წარმომაჩენენ ადამიანად, რომელიც კლუბს მართავს, მაშინ როცა მე მხოლოდ ფეხბურთელი ვარ. არაფერი მომითხოვია იმისთვის, რომ დავრჩენილიყავი, რადგან წასვლას არ ვაპირებ.“

ლუის ენრიკეს მოსვლისა და ჩავის რაკიტიჩით შეცვლის შემდეგ, „ბარსამ“ უფრო ვერტიკალურად დაიწყო თამაში, თავდასხმის ტრიო ნახევარდაცვაზე მნიშვნელოვანი გახდა.

სუარესის მოსვლის შემდეგ, მესიმ კვლავ მარჯვნივ გადაინაცვლა, მაგრამ ცენტრალურ თავდასხმაში ბრუნდებოდა, როდესაც ურუგვაელი ისვენებდა და ადგილს პედროს უთმობდა.

ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში, ლუის ენრიკე აღიარებდა, რომ სუარესის ადაპტაცია რთულად მიმდინარეობდა, ხოლო ნეიმარი ხშირი შეცვლების გამო წუწუნებდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისთვის, „ბარსას“ შემტევმა ტრიომ შეუდარებელ ურთიერთგაგებას მიაღწია.

სუარესი, ნეიმარი და მესი

მიუნხენში 2:3 დამარცხების შემდეგ, სადაც ნეიმარმა დუბლი შეასრულა, „ბარსამ“ ჩემპიონატიც და თასიც მოიგო. „იუვენტუსთან“ ბერლინის ფინალამდე ორი კვირით ადრე, „ატლეტკოსთან“ გამართულ ფინალში, ინიესტამ წვივის კუნთი დაიზიანა. ტრავმა მას ფიზიკურადაც და მორალურადაც ტანჯავდა.

ამის მიუხედავად, ინიესტა ვარჯიშს თავს არ ანებებდა. ჩავი ღელავდა, რომ ანდრესი საკუთარ თავს დაიზიანებდა და ლუის ენრიკეს უთხრა: „მას არ სჭირდება ამდენი ვარჯიში. დამიჯერეთ, ფინალისთვის ის ისედაც კარგად იქნება“.

საბოლოოდ, ინიესტა პირველივე წუთებიდან გამოჩნდა მოედანზე და მატჩის დაწყებიდან მალევე საჯარიმოში შეიჭრა, სადაც საგოლე პასი გაუკეთა რაკიტიჩს.

მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 2:1 იყო, ინიესტა ჩავიმ შეცვალა, რომელმაც „ბარსადან“ წასვლის წინ, 13 წუთი მიიღო ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების მომტან ფინალში.

გაჩემპიონების შემდეგ ლუის ენრიკემ თქვა: „ამ გუნდის ამბიციები უსაზღვროა“.

ლუის ენრიკე შვილთან ერთად

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნარკოტიკები, საბედისწერო ფინალი და რეკორდული ტრანსფერი - მარადონას 2 წელი ბარსელონაში
ნარკოტიკები, საბედისწერო ფინალი და რეკორდული ტრანსფერი - მარადონას 2 წელი ბარსელონაში