„პსჟ-ს 16 ფეხბურთელით თამაში არ სჭირდება“ | ლიონი მსაჯობით უკმაყოფილოა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონი“ სტუმრად დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა 3:2 იმარჯვა და მატჩის დასრულების შემდეგ „ლიონის“ წარმომადგენლებმა სამსაჯო ბრიგადა მწვავედ გააკრიტიკეს.
„უაღრესად იმედგაცრუებულნი ვართ. პირველ რიგში, მინდა ჩემს ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელს მივულოცო — მათ საოცარი მატჩი ჩაატარეს და ბრწყინვალე ტაქტიკა აირჩიეს, რათა „პარი სენ-ჟერმენისთვის“ პრობლემები შეექმნათ. აქ ვარ და პირდაპირ ვიტყვი: ზაბარნიზე პენალტი იყო — მან ხელით ითამაშა, და აშკარად თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო.
რაც შეეხება ტესმანს, კვარაცხელიას გოლამდე აშკარა ჯარიმა იყო. ეს ყველასთვის თვალსაჩინო გახლდათ და არ ვიცი, რაღა დავამატო. ვცადეთ გაგვერკვია, რატომ მიიღო მთავარმა არბიტრმა ეს გადაწყვეტილებები. რა უნდა გავაკეთოთ, რომ სამართლიანი მსაჯობა მივიღოთ? ასეთი მსაჯობა ჩვენს ჩემპიონატს ანადგურებს. ბატონი ბასტიენის მსაჯობა სრული კატასტროფა იყო — ყოველ მატჩში წითელ ბარათს ვიღებთ და უკვე ყელში ამოვიდა“, — განაცხადა „ლიონის“ დირექტორმა მატიუ ლუის-ჟანმა.
„სტადიონზე 59 000 ადამიანი იყო და გოლის ეპიზოდში ჯარიმა მხოლოდ ოთხმა ვერ დაინახა. გამეორების ნახვაც არ არის საჭირო. გასაგებია ჩვენი ფეხბურთელი რატომ გააძევეს, მაგრამ რამდენჯერ დაჯარიმდა პსჟ მორეირას წინააღმდეგ? ბარათიც კი არ მიუღიათ. პარი სენ-ჟერმენი ევროპის საუკეთესო გუნდია და არ მგონია, 16 ფეხბურთელით თამაში სჭირდებოდეს. 16 იმიტომ, რომ ვიდეორეფერებსაც ვთვლი“, - აღნიშნა „ლიონის“ თავკაცის ასისტენტმა, ჟორჟე მარსიელმა.
ცნობისთვის, მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე საკამათო ეპიზოდი იყო და „ლიონში“ მიაჩნიათ, რომ ყოველ ჯერზე, ბენუა ბასტიენმა „პარი სენ-ჟერმენის“ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.