„ცირკი და ფარსი“ | რეალის ტელევიზია ლა ლიგას, მსაჯობას და ტებასს აკრიტიკებს
ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „ელ კლასიკო“ გაიმართა. „ბარსელონამ“ „რეალს“ „კამპ ნოუზე“ უმასპინძლა და მარკუს რაშფორდისა და ფერან ტორესის გოლებით 2:0 იმარჯვა. მატჩის შემდეგ „რეალის“ ტელევიზიაში წაგებულ თამაშზე ისაუბრეს და მსაჯობა, ლა ლიგა, ხავიერ ტებასი და შეხვედრის რეჟისორები გააკრიტიკეს.
„ესპანეთის ჩემპიონატი არასერიოზულია. ლა ლიგა ტებასისა და ნეგრეირას ლიგაა. ეს არის ცირკი და ფარსი. ყოვლად მიუღებელია ის, რაც მოხდა. სამარცხვინოა ფორმა, რომლითაც თამაშების ტრანსლაცია ხდება, ყველაზე ცუდი კი კადრების ნაკლებობაა.
როდესაც სადავო მომენტები იქმნებოდა და რეალის ფეხბურთელების წინააღმდეგ წესები ირღვეოდა, განმეორების ნაცვლად „შესანიშნავ“ პანორამულ კადრებს ვუყურებდით. ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ იყო ეპიზოდი, როდესაც გადამწყვეტი ჯარიმის დროს ტრანსლაცია უეცრად გაწყდა.
ტრანსლაციაზე პასუხისმგებელია HBS — კომპანია, რომელთანაც კონტრაქტი ტებასმა გააფორმა, რომელიც, თავის მხრივ, Mediapro-ს შვილობილია და რომლის დირექტორებიც Mediapro-ს (ესპანური პრესის მიხედვით, Mediapro-ს ახლო ურთიერთობა აქვს ბარსელონასთან. მისი დამფუძნებელი, ხაუმე როურესი, ჟოან ლაპორტას საპრეზიდენტო არჩევნებში ფინანსურადაც დაეხმარა) ყოფილი წევრები არიან.
შეიძლება, დანი ოლმო წითელი ბარათის ღირსი ყოფილიყო, მაგრამ მაყურებელს მომენტის განმეორება არ აჩვენეს. შესაძლოა, ყელის არეში ხელის მორტყმა სერიოზული დარღვევა არ იყოს, მაგრამ ეს ეპიზოდი განმეორებაზე არ გვინახავს; სამაგიეროდ, ვნახეთ ერიკ გარსიას იდაყვი ჯუდ ბელინგემზე, რაც აშკარა პენალტი და წითელი ბარათია.
თუმცა მთავარი არბიტრი ერნანდეს ერნანდესია და სხვას რას უნდა ელოდო? VAR-ს აზრი აღარ აქვს — რა კადრებსაც ჩვენ გვაჩვენებენ, იმას უმეორებენ. დადასტურდა ის, რაც კვირიდან კვირამდე ხდება. ხვალ რაიო ვალეკანოსა და ჟირონას მატჩი რომ იყოს, მსგავს მომენტში (გარსია-ბელინგემის ეპიზოდი) პენალტს დადებდნენ. ისე, როგორც ეს სოსიედადისა და ბეტისის თამაშში მოხდა — იქ არ გაატარეს ის, რაც რეალთან გატარდა. გუშინდელმა დღემ აჩვენა, თუ როგორ იცვლება კრიტერიუმები სხვადასხვა გუნდის ინტერესების შესაბამისად.
ეს არის VAR-ის უმოქმედობის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც უსამართლობას ვერ ცვლის. თუ ეს თამაშის ნაწილად განიხილება, მაშინ ყველაფერი შეიძლება თამაშის ნაწილად ჩაითვალოს. ყველამ, ვისაც კი ფეხბურთი უთამაშია, იცის, რომ ერიკ გარსია ამას განზრახ აკეთებს. ყოველ ჯერზე, როდესაც სადავო ეპიზოდებია, VAR მაშინ ერევა, როცა ეს მათ აწყობთ. და როდის ერევა VAR? ის საქმეში მხოლოდ რეალისთვის ზიანის მისაყენებლად ერთვება“.
შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკოში“ გამარჯვებით „ბარსელონა“ ლა ლიგის ჩემპიონი გახდა. ტურნირის დასრულებამდე კიდევ სამი შეხვედრაა დარჩენილი და კატალონიელები „ალავესთან“, „ვალენსიასთან“ და „ბეტისთან“ ითამაშებენ.