„არ არის მარტივი ჩემნაირი მწვრთნელის ყოლა“ - ენრიკე ბრესტთან მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ საკუთარ მოედანზე „ბრესტს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცა. ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე დეზირე დუემ გაიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პარიზული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ განვლილი მატჩი შეაფასა.
რა თქვა ენრიკემ:
გილოცავთ დაბადების დღეს და მე-100 მატჩს!
ამ კვირაში ბევრი იუბილე იყო, თუმცა მე-100 მატჩის შესახებ არაფერი ვიცოდი. ეს ციფრები არ მაინტერესებს. ასეთია ცხოვრება, ეს ნორმალურია.
თამაში მარტივი არ იყო?
მარტივი ნამდვილად არ ყოფილა, სრულიად პირიქით. მატჩი პოზიტიურად დავიწყეთ, თუმცა, ამის შემდეგ რთული იყო იმ გუნდის წინააღმდეგ შეტევა, რომელიც დაბალ ბლოკში [ღრმა დაცვაში] იდგა. „ბრესტმა“ დაცვაში ძალიან კარგად ითამაშა. გოლის გატანის არანაირი შანსი არ გვქონდა და ბოლო წუთამდე გაგვიჭირდა.
შემიძლია გავიგო, რომ ფეხბურთელებისთვის ჩემნაირი მწვრთნელის ყოლა რთულია, იმიტომ, რომ არ ვარ კმაყოფილი იმით, რაც ვნახე და ყოველთვის გაცილებით მეტი მინდა. მესმის, რომ მოთამაშეებისთვის არ არის ადვილი ასეთი მომთხოვნი მწვრთნელის ყოლა. თუმცა, ამავდროულად, ძალიან ბედნიერი ვარ და ვაცნობიერებ, რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელები მყავს, რომელთა გაწვრთნაც ძალიან მარტივია.
ამ მატჩის მოგება დიდი შვება იყო?
რა თქმა უნდა. ეს განსაკუთრებული ლიგაა. შეიძლება ისე ჩანს, რომ ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ, მაგრამ ასე არ არის. დღეს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგეთ. „ლანსთან“ სათამაშოდ იმავე ამბიციით გავემგზავრებით, როგორც ყოველთვის, და ვსარგებლობთ შემთხვევით, რომ მივულოცოთ ამ გუნდს, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. თუმცა, როდესაც პსჟ-ში თამაშობ, მაღალი შედეგები უნდა აჩვენო. ასეა და მომდევნო მატჩისთვისაც ზუსტად ასე მოვემზადებით.
გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ლუის ენრიკეს გუნდი „ლანსს“ 6 ქულით უსწრებს, თუმცა თეორიულად, „ლანსს“ ჩემპიონობის შანსი მაინც რჩება, რაც ფაქტობრივად, ფანტასტიკის სფეროა. პსჟ-ს ბურთების სხვაობა +44 აქვს, „ლანსს“ კი +29, ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა კი დარჩენილ ორ ტურში პრაქტიკულად შეუძლებელია. პსჟ მომდევნო შეხვედრას სწორედ „ლანსის“ წინააღმდეგ გამართავს და ფრის შემთხვევაშიც, საფრანგეთის ჩემპიონობას გაინაღდებს.