ფლორენტინო პერესი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“არსად წასვლას არ ვაპირებ“ - პერესის ოფიციალური განცხადება

სულ ცოტა ხნის წინ, ფლორენტინო პერესმა საგანგებო ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პერესი:

„პრესკონფერენციას ვიწყებ იმით, რომ გაუწყოთ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არ გადავდგები. მე ვაცხადებ ახალ არჩევნებს."

„ჩემს მიმართ მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ დავიღალე, აღარ მაქვს გუნდის მართვის უნარი, კიბოთი მაქვს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიცრუე.“

„მე ვმუშაობ დღე და ღამე, არასდროს ვჩერდები, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი ასეთია.”

„ეს ფილმი ადრეც მინახავს, დამიჯერეთ, აქ არავის მივცემ იმის უფლებას, რომ სიტუაცია არიოს. ალბათ ზოგიერთი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ იმდენად მნიშვნელოვანი აზრები აქვს, რომ ეს კლუბმა უნდა გაითვალისწინოს.“

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ თუნდაც იმ აბსურდის მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩემს დაავადებებს უკავშირდება.  ურთულეს ინსტიტუციას ვმართავ, რომელსაც 50 მილიარდი ბრუნვა აქვს. ვმუშაობთ არაერთი მიმართულებით, როგორც სპორტული, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ეს მარტივი არ არის.”

„კარგად მესმის, რას ნიშნავს „რეალისთვის“ ორი წელი ტიტულის გარეშე ყოფნა, ეს ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ არ ამართლებს ტალახის სროლას და ტყუილების გავრცელებას.“

„ნეგრეირას“ სკანდალური საქმის მსაჯები, დღეს კიდევ სარგებლობენ ამ სტატუსით. ჩვენ ამ საკითხზე „უეფასთან“ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას წარვადგენთ.“

„არ დაგავიწყდეთ, რამდენი ტიტული მოიგო „რეალმა“ ჩემი მმართველობის დროს. უდიდესი პროგრესი ვაჩვენეთ, როგორც საფეხბურთო, ისე საკალათბურთო მიმართულებით.“

„გახსოვთ RELEVO-ს საქმე? მათ 25 მილიონ დაკარგეს იმის გამო, რომ „რეალის“ მიმართ შეტევებს ახორციელებდნენ.“

„ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე ღირებული კლუბი, ყველაზე მაღალი შემოსავლებით და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ძლიერი ბრენდით. რატომ ცდილობენ ჟურნალისტები მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კლუბზე შეტევას? „რეალი“ ყველასთვის გამარჯვებაა და ფეხბურთის სამყაროში ძვირფასი საგანძური. Transfermarkt-ის მიხედვით, ჩვენ ასევე გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისთვისაც სხვას არავის მიუღწევია. მაგრამ ახლა  ჩვენი განადგურება სურთ. ეს ორკესტრირებული კამპანიაა“.

„გამოცემა ABC-ს ქცევები ჩემთვის სრულიად მიუღებია. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ჯდება არცერთ სტანდარტში.”

ლა ლიგა ჩვენი მტერია. ყველას ვებრძვი. მზად ვარ, ყველას ვებრძოლო. შენ, რუბენ კანისარეს, ყოველდღე ესხმი თავს რეალს. შენს გამოცემაზე გამოწერას გავაუქმებ. ისეთი ჟურნალისტები, როგორიც შენ ხარ, პრობლემებს უქმნით რეალს.

მთელი მსოფლიო გვაღმერთებს. ფიფასა და უეფაში ადამიანებს ვესაუბრები და ვერ ხვდებიან, რატომ ექცევა ესპანური მედია ჩვენს კლუბს ასე.

ახალი მწვრთნელი? ახლა მე თქვენთან სხვა საკითხებზე ვსაუბრობ. როცა ამის დრო მოვა, შემდეგ განვიხილოთ მწვრთნელის საკითხი."

პრესკონფერენცია დასრულდა? უკვე? არა, მოიცადეთ, კითხვები დასვან, დღეს საღამოს სხვა საქმე არ მაქვს. (იცინის)

ჩუამენის და ვალვერდეს ჩხუბი? 26 წელია აქ ვარ და არც ერთი წელი არ გასულა ისე, რომ ორ ან ოთხ ფეხბურთელს ერთმანეთში არ ეჩხუბა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე საშინელი ისაა, რომ ეს ყველაფერი გარეთ ჟონავს. ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში მსგავსი რაღაცები ყოველ წელს ხდებოდა. ახალგაზრდები არიან — ერთი მეორეს "დაარტყამს", მეორე პასუხობს და მეორე დღეს ისევ მეგობრები არიან.

ჩემთვის გაჟონვა თავად ჩხუბზე უარესია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ამბავი მხოლოდ დაპირისპირებით არ დასრულებულა.

მეორე დღეს ისინი უკვე ერთად სვამენ ყავას და მეგობრობენ. თუმცა, 26 წლის განმავლობაში პირველად ვხედავ, რომ ასეთი რამ მედიამდე მიდის და ეს ნამდვილად მაწუხებს.“

ყველა სიახლე საშინელი იყო და რეალის მიმართ უსამართლო. ამისთვის სპეციალური გამოცემაც კი შექმნეს Relevo, რომელმაც 25 მილიონი ევრო იზარალა. რეალისთვის დარტყმის მიყენება უნდოდათ და საბოლოოდ მხოლოდ ფული დაკარგეს.

მედიამ საკუთარი თავი უნდა გააანალიზოს. ის კი არ უნდა თქვან, რომ ორი ფეხბურთელის ჩხუბი რეალში ქაოსს ნიშნავს. მსგავსი რაღაცები ყოველ წელს ხდება. სიმართლე რომ ვთქვა, თითქმის ყოველდღეც კი და იქვე სრულდება. თუ ვინმე კლუბის შიგნიდან ამ ყველაფერს გარეთ გამოიტანს, ეს იმ ჩხუბზე უარესია.

ინციდენტი ცუდი იყო, მაგრამ კიდევ უფრო უარესია ის, რომ მედიამდე მივიდა. თქვენ კი ამას დიდ სკანდალად წარმოაჩენთ. ყველაზე ცუდი სწორედ ინფორმაციის გაჟონვაა."

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის ბლანკოსში არეულობაა. ფეხბურთელებს შორის კონფლიქტია. ასევე კონფლიქტია ფეხბურთელებსა და ალვარო არბელოას შორის.

ეს უკანასკნელი თავის პოსტს სულ მალე დატოვებს და გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები