მაისურაძე შეტევაში კარგად ჩაერთო | პოლისიამ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
უკრაინის პრემიერლიგის 28-ე ტურში ეპიცენტრმა პოლისიას 3:2 მოუგო. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მეორე ტაიმის დასაწყისში ეპიცენტრმა 2 გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ პოლისიამ წონასწორობა აღადგინა. 89-ე წუთზე ეპიცენტრის ესპანელმა ფორვარდმა ხოაკინეტემ პენალტიდან შეაგდო, დუბლი შეასრულა და გუნდს 3 ქულა მოუპოვა, თუმცა ეპიცენტრის მეკარემ, ნიკიტა ფედოტოვმა გამარჯვებაში არანაკლები წვლილი შეიტანა, მე-8 დამატებულ წუთზე პენალტი მოიგერია.
პოლისიას სასტარტო 11-ეულში ამპლუით მარჯვენა მცველმა გიორგი მაისურაძემ ითამაშა, 67-ე წუთზე შეცვალეს. პირველი ტაიმის მიწურულს 24 წლის ქართველმა ფეხბურთელმა შეტევაში იაქტიურა, პოლისია გოლის გატანასთან ახლოს იყო, თუმცა ეპიცენტრის ფეხბურთელმა ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.
სეზონის პირველ ნახევარში რუსლან როტანი მაისურაძეს არ ენდობოდა, თუმცა ზამთრის შეკრების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულება შეცვალა, მაისურაძემ ზედიზედ მე-7 მატჩი სასტარტოდან დაიწყო, მის ანგარიშზე 1 გოლია, პოლტავას ეფექტური გოლი გაუტანა.
მაისურაძე, რომელმაც 2025 წელს ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ითამაშა და პოლონეთთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ მიუწვევიათ, თუმცა მარჯვენა მცველის პოზიცია საკმაოდ პრობლემურია და ვილი სანიოლის მხრიდან მისი საქმეში ნახვა ლოგიკური იქნებოდა, ყურადღებას იმსახურებს.
შახტარი 66 ქულით პირველია, ჩემპიონობა განაღდებული აქვს. პოლისია 55 ქულით მეორეა, ჩერკასის 1 ქულით უსწრებს, მესამეადგილოსან კიევის დინამოსთან 7 ქულაა სხვაობა. ჩერკასი და კიევის დინამო თავის მატჩს ხვალ ჩაატარებენ. თუ პოლისია მეორე ან მესამე ადგილზე გავა, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს. მეოთხეადგილოსანი ევროსაგზურის მიღმა რჩება.პოლისიას სეზონის დასრულებამდე 2 მატჩი რჩება, ზორიას ესტუმრება (16 მაისი) და ლვოვის რუხს მიიღებს (23 მაისი). სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ზორიასა და რუხს ნაკლები მოტივაცია აქვთ.