ჯეიმს ჰარდენი, კეიდ კანინგემი, დონოვან მიტჩელი
Aa
Aa

მიტჩელის ისტორიული ტაიმი | კლივლენდის 25:0 გაქცევა და გამარჯვება დეტროიტთან

NBA-ის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეიოფის მეორე რაუნდში „დეტროიტ პისტონსის“ მეტოქე „კლივლენდ კავალიერსია“. „დეტროიტმა“ პირველი ორი შეხვედრა საშინაო კედლებში გამართა და ორივე მოიგო, თუმცა „კლივლენდმა“ სათანადოდ უპასუხა — ორივე საშინაო მატჩი მოიგო და სერიაში ანგარიში გაათანაბრა: 2:2.

„კავალიერსმა“ მესამე თამაშში 116:109 იმარჯვა, გამთენიისას გამართულ მეოთხე შეხვედრაში კი ორი ისტორიული მოვლენა ვიხილეთ. მეორე მეოთხედის ბოლოს „დეტროიტი“ 6 ქულით, 56:50-ს იგებდა, რის შემდეგაც „კლივლენდმა“ საოცარი გაქცევა მოაწყო. „კავსი“ 25:0 გაიქცა (23:0 მესამე მეოთხედის სტარტზე) და მესამე მეოთხედში 75:56 დააფიქსირა. 25:0 გაქცევა „კლივლენდისთვის“ პლეიოფის რეკორდია და „კავალიერსს“ საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია — 112:103.

„კავალიერსის“ რიგებში ფენომენალური იყო დონოვან მიტჩელი — 43 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა. „სპაიდამ“ 39 ქულა მეორე ნახევარში მიითვალა, რითაც NBA-ის რეკორდი გაიმეორა. პლეიოფის შეხვედრის ერთ ტაიმში 39 ქულა მხოლოდ მიტჩელსა და სლიპი ფლოიდს ჩაუგდიათ. ამ უკანასკნელმა ეს 1987 წელს გააკეთა.

მიტჩელს რეკორდის მოხსნაც შეეძლო, მაგრამ მან საჯარიმო სროლა გააფუჭა. დონოვანისა და ფლოიდის გარდა, პლეიოფის ერთ ტაიმში მინიმუმ 38 ქულა მხოლოდ ორ კალათბურთელს ჩაუგდია — ჩარლზ ბარკლისა და კევინ დურანტს. ამასთან, მესამე მეოთხედში მიტჩელმა 21 ქულა დააგროვა. ის ლებრონ ჯეიმსის შემდეგ „კლივლენდის“ პირველი კალათბურთელია, რომელმაც პლეიოფის თამაშის ერთ მეოთხედში მინიმუმ 20 ქულა გაიფორმა.

„სპაიდას“ გარდა, „კავალიერსის“ რიგებში ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა — 24 ქულა და 11 შედეგიანი გადაცემა. ევან მობლის 17 ქულა ჰქონდა. „დეტროიტის“ მხრიდან საუკეთესო კარის ლევერტი იყო — 24 ქულა. კეიდ კანინგემმა 19 ქულა დააგროვა.

ცნობისთვის, ამ გუნდების სერიის მეხუთე შეხვედრა „პისტონსის“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩი 14 მაისს არის ჩანიშნული და თბილისის დროით 03:00-ზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან კარგია, ასე რომ მოიქცა“ | ჰოლოუეი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე
„ძალიან კარგია, ასე რომ მოიქცა“ | ჰოლოუეი ილიასა და ჰოკიტის დაპირისპირებაზე