ვემბიმ რიდს იდაყვი ჩაარტყა და გააძევეს | მინესოტამ სან ანტონიოსთან გაათანაბრა
NBA-ის დასავლეთ კონფერენციის მეორე რაუნდში „მინესოტა ტიმბერვულვზმა“ „სან ანტონიო სპურსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა — 2:2. „მინესოტამ“ „სან ანტონიო“ „თარგეთ სენთერში“ მიიღო და 114:109 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობაზე დიდი გავლენა მეორე მეოთხედში მომხდარმა ეპიზოდმა იქონია. ბურთისთვის ბრძოლის შემდეგ „სპურსის“ ვარსკვლავმა, ვიქტორ ვემბანიამამ, ნერვები ვერ მოთოკა და „მინესოტას“ კალათბურთელს, ნაზ რიდს, ყელში იდაყვი ჩაარტყა. მსაჯებმა მომენტი გადაამოწმეს და ვემბანიამა პარკეტიდან გააძევეს.
ფრანგი ცენტრის გარეშე დარჩენილმა „სან ანტონიომ“ „მინესოტას“ მაინც დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე „სპურსი“ 84:80-ს იგებდა, თუმცა ენტონი ედვარდსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით „მინესოტამ“ ბოლო პერიოდი 34:25 მოიგო და სასურველი ანგარიში დააფიქსირა.
ედვარდსი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 36 ქულა დააგროვა. რუდი გობერმა ორმაგი დუბლი შეასრულა — 11 ქულა და 13 მოხსნა. ნაზ რიდის ანგარიშზე 15 ქულა, 9 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა იყო. „სან ანტონიოს“ მხრიდან 24-24 ქულით დი’აარონ ფოქსი და დილან ჰარპერი გამოირჩნენ. სტეფონ კასლს 20 ქულა ჰქონდა.
ცნობისთვის, სერიის მეხუთე შეხვედრა ტეხასში, „სან ანტონიოს“ საშინაო არენაზე გაიმართება. მატჩს 13 მაისს ვიხილავთ და თამაში 00:05-ზე დაიწყება.