„ასეთი ძლიერი კონკურენტი ჯერ არ გვყოლია“ - ენრიკემ ლანსზე ისაუბრა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 33-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ადგილზე მყოფ „ლანსს“ ესტუმრება. ჩემპიონობის უზრუნველსაყოფად ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ამ მატჩში ერთი ქულაც დააკმაყოფილებს, ვინაიდან პსჟ ლანსს ამ დროისთვის 6 ქულით უსწრებს.
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკემ „ლანსის“ მთავარი მწვრთნელი, პიერ საჟი შეაქო და განაცხადა, რომ ასეთი ძლიერი კონკურენტი ლიგა 1-ში პსჟ-ს ბოლო 3 სეზონში არ ჰყოლია.
ლუის ენრიკე:
„ლანსს“ საფრანგეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ერთ კვირაში თასის ფინალი ელოდება, ჩვენ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებთ, თუმცა ეს მატჩი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ორ კვირაში გაიმართება. შესაბამისად, ფეხბურთელები განსხვავებულად უნდა დაიტვირთონ და ყველა მათგანთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად უნდა მივიღოთ.
ეს ფრანგული ფეხბურთის ზეიმია, იმიტომ რომ ჩვენ და „ლანსი“ ლიგა 1-ის საუკეთესო გუნდები ვართ. სანახაობრივ მატჩს ველოდები. შევეცდებით, ჩვენს საუკეთესო დონეზე ვითამაშოთ. იგივე ამოცანა ექნება „ლანსსაც“, ამიტომ ძალიან საინტერესო თამაში გველის.
ალბათ, სეზონის დასაწყისში „ლანსისგან“ ასეთ შედეგებს არავინ ელოდებოდა. მესამე წელია, რაც აქ ვარ, და რეალური კონკურენტი აქამდე არ გვყოლია. ამან საქმე გაგვირთულა, თუმცა, ამავე დროს, მოტივაცია მოგვცა. „ლანსმა“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დაიმსახურა - ვულოცავ ამ მიღწევას. პიერ საჟმა ძალიან კარგი გუნდი ჩამოაყალიბა.
ვფიქრობ, ყველა იაზრებს, რომ დიდი ტურნირების მოსაგებად და წარმატების მისაღწევად საჭიროა, გყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სტაბილურად მიაღწევენ შედეგს. სათადარიგოებისა და როტაციაში მყოფი ფეხბურთელების გარეშე ამის მიღწევა შეუძლებელია“.
ცნობისთვის, „ლანსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის„ მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.