ვაქცინაციის გავლა ვერ მოასწრეს - არგენტინა ანგოლაში 3 ფეხბურთელის გარეშე ჩავა
ანგოლასთან ამხანაგური მატჩის წინ მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელებმა - ხულიან ალვარესმა, ნაუელ მოლინამ და ჯულიანო სიმეონემ არგენტინის ნაკრების ბანაკი დატოვეს.
მიზეზი ისაა, რომ ანგოლაში ჩასული ყველა ადამიანი ყვითელ ცხელებაზე უნდა იყოს აცრილი. არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, „როხიბლანკოსის“ სამმა ფეხბურთელმა დროულად ვაქცინაციის გავლა ვერ მოასწრო, რის გამოც ისინი ნაკრებთან ერთად ანგოლაში ვერ ჩავლენ.
გარდა ამისა, „ალბისელესტეს“ მთავარი მწვრთნელის, ლიონელ სკალონის განკარგულებაში არც ენცო ფერნანდესი იქნება - ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი სანაკრებო პაუზას მარჯვენა მუხლის ტრავმის მოსაშუშებლად გამოიყენებს.
ბოლო დღეებში სკალონიმ ნაკრებში კიდევ ორი ფეხბურთელი გამოიძახა - ალექსის მაკ ალისტერის უფროსი ძმა, კევინ მაკ ალისტერი (უნიონი სენ-ჟილუა) და ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტედი). სკალონის გუნდის საბოლოო განაცხადი ასე გამოიყურება:
მეკარეები: ხერონიმო რული, ვალტერ ბენიტესი; დაცვა: კრისტიან რომერო, ლისანდრო მარტინესი, ნიკოლას ოტამენდი, მარკოს სენესი, კევინ მაკ ალისტერი, ნიკოლას ტალიაფიკო, ხუან ფოიტი; ნახევარდაცვა: ალექსის მაკ ალისტერი, როდრიგო დე პოლი, ემილიანო ბუენდია, ნიკო პასი, ტიაგო ალმადა, ჯოვანი ლო ჩელსო, მაქსი პერონე, ვალენტინ ბარკო, ჯანლუკა პრესტიანი, ნიკოლას გონსალესი; თავდასხმა: ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი, ხოაკინ პანიჩელი, ფლაკო ლოპესი
აქვე გეტყვით, რომ ანგოლა-არგენტინის მატჩი პარასკევს, 14 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.