ხუან მარტინ დელ პოტრო
Aa
Aa

ტრავმებთან დამარცხებული ჩემპიონი - დელ პოტროს სევდიანი ისტორია

ბოლო წლების ჩოგბურთის ისტორიაში იშვიათად შეხვდებით ისეთ სევდიან ისტორიას, როგორიც ხუან მარტინ დელ პორტოს უკავშირდება. ოდესღაც მას მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელობას უწინასწარმეტყველებდნენ, ახლა კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ ორი საათის განმავლობაში ტკივილის გარეშე ჩოგბურთი ითამაშოს.

„როდესაც 2022 წლის თებერვალში ფედერიკო დელბონისის წინააღმდეგ ჩემი ბოლო მატჩი ჩავატარე, მომდევნო დღეს შვეიცარიაში გავფრინდი, სადაც მუხლზე მეხუთე ოპერაცია გავიკეთე. ეს საიდუმლოდ დავტოვეთ - თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, საჯაროდ გამოვაცხადებდი, რომ ჩოგბურთში ვბრუნდებოდი. ორი თვე ბაზელის მახლობლად ერთ-ერთ სოფელში გავატარე, სადაც რეაბილიტაციის კურსს გავდიოდი. არ მიშველა. სამ თვეში კიდევ ერთი, მეექვსე ოპერაცია გავიკეთე. ამის შემდეგ აშშ-ში გავფრინდი და მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი ვცადე. ფეხში, მუცელსა და ზურგში 100-ზე მეტი ნემსი მაქვს გაკეთებული.

როდესაც პირველი ოპერაცია გავიკეთე, ექიმმა მითხრა, რომ 3 თვეში თამაშს შევძლებდი. ეს 2019 წლის ივნისში მოხდა. დავთანხმდი სტოკჰოლმში, ბაზელსა და პარიზში თამაშს, თუმცა ოპერაციის შემდეგ კიბეზე ტკივილის გარეშე ასვლაც აღარ შემეძლო. დღეს ჩემი ცხოვრება ყოველდღიური ტანჯვაა. ტკივილს ვგრძნობ ძილში, ავტომობილის მართვისას, ფეხბურთისა და პადელის თამაშისას. ეს კოშმარი უსასრულოა“.

დელ პოტროს ჰქონდა ყველაფერი იმისთვის, რომ „დიდი ოთხეულის“ დომინირება დაერღვია და თავისი უძლიერესი ფორჰენდით დაემსხვრია ის კედელი, რომელიც იცავდა ამ ოთხეულს გარე სამყაროსგან. 2005 წელს 17 წლის არგენტინელი ტოპ-200-ის ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი გახდა, 2006 წელს ის უკვე პირველი ასეულის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იყო, 2007 წელს 50 საუკეთესოშიც შევიდა, ხოლო 2008 წელს მის გვარს უკვე პირველ ათეულში ამოიკითხავდით.

„დიდი სლემის“ პირველი (და როგორც აღმოჩნდა, ერთადერთი) ტიტული არგენტინელმა 2009 წელს აშშ-ში მოიგო, როდესაც ფინალში ტურნირის 5-გზის გამარჯვებული როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ფედერერი-დელ პოტროს ფინალი აშშ-ის ღია პირველობაზე

 

ყველა თანხმდებოდა, რომ მომდევნო წლებში „დელპოს“ შეჩერება ძალიან რთული იქნებოდა, მაგრამ 21 წლის ჩოგბურთელს, რომელსაც უდიდესი ალბათობით წინ საჩემპიონო სეზონი ელოდებოდა, მაჯის მყესების ანთება დაეწყო. ამას მოჰყვა ოპერაცია, რომელიც 2010 წელს აშშ-ში გაკეთდა, მაგრამ დროის დიდ ნაწილს დელ პოტრო უკვე არა თამაშს, არამედ რეაბილიტაციას უთმობდა, მწვრთნელებზე დიდ დროს კი ექიმებთან ატარებდა.

არგენტინელი კორტზე მხოლოდ 2011 წელს დაბრუნდა, 2012 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ბრინჯაო მოიგო, 2013 წელს კი, ფაქტობრივად, დაიბრუნა ძველი პოზიციები, როცა ინდიან-უელსის ფინალამდე გზაზე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ენდი მარეის მოუგო, შემდეგ კი უიმბლდონის ნახევარფინალამდე მივიდა. სეზონი „დელპომ“ პირველ ხუთეულში დაასრულა.

რთული წარმოსადგენია, რას იგრძნობდა არგენტინელი, როდესაც მარცხენა მაჯაში ის ტკივილი იგრძნო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მარჯვენა მაჯაზე აწუხებდა. „დელპო“ ოპერაციას თავს არიდებდა და ცდილობდა, ტკივილისთვის გაეძლო, მაგრამ 2014 წლის დასაწყისში ეს უკვე შეუძლებელი გახდა. სიდნეიში გამარჯვების შემდეგ დელ პოტრო დუბაის ტურნირის პირველ წრეში ინდოელ მეტოქესთან დამარცხდა და კორტი აცრემლებულმა დატოვა. მის ცხოვრებაში ახალი კოშმარი დაიწყო: ოპერაცია მარჯვენა მაჯაზე და ხანგრძლივი რეაბილიტაცია. კორტზე დაბრუნების ვადამ არაერთხელ გადაიწია, ტკივილი არსად გამქრალა და იმ იშვიათ შემთხვევებშიც კი, როდესაც არგენტინელი ტურნირებში მონაწილეობდა, მას არაფერი გამოსდიოდა.

2015 წელს დელ პოტრომ, რომელსაც სიმაღლისა (198 სმ) და მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათის გამო „ნაზი გიგანტი“ შეარქვეს, ვიდეომიმართვა გაავრცელა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით კარიერას ვეღარ გააგრძელებდა. მისი დეპრესიული მდგომარეობის გათვალისწინებით, სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ „დელპო“ დიდ სპორტს მართლაც ვეღარ დაუბრუნდებოდა. და ისევ... ხანგრძლივი რეაბილიტაცია, ექიმებისა და მწვრთნელების ხშირი ცვლა...

არგენტინელმა მარცხნიდან დარტყმა მხოლოდ ნოემბერში შეძლო, ხოლო 2016 წლის თებერვალში ATP-ტურში დაბრუნდა და როცა დელრეი-ბიჩის ნახევარდფინალამდე მივიდა. არგენტინელმა თამაშის სტილი შეცვალა: მას მოუწია ბექჰენდის მოდიფიცირება, ვინაიდან მარცხენა მაჯა ისევ პრობლემებს უქმნიდა, მაგრამ არსად გამქრალა მისი განამადგურებელი ფორჰენდი, რაც ყველამ კიდევ ერთხელ რიოს ოლიმპიადაზე იხილა. ოლიმპიური თამაშების ფინალამდე გზაზე დელპომ ნოვაკ ჯოკოვიჩი, რობერტო ბაუტისტა-აგუტი და რაფა ნადალი, ხოლო ფინალში მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონთან - ენდი მარეისთან დამარცხდა, მაგრამ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რისი გადატანაც მას მოუხდა, ვერცხლის მედალს იმ მომენტში დელ პოტროსთვის ოქროს ფასი ჰქონდა.

რამდენიმე თვეში დელ პოტრომ არგენტინას პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი დევისის თასის მოაგებინა, 2017-ში ითამაშა აშშ-ის ღია პირველობის ფინალში, მოიგო ინდიან-უელსი და მსოფლიოს მესამე ჩოგანიც გახდა, თუმცა წლის ბოლოს უკვე მუხლის ტრავმამ შეაწუხა, რის გამოც „დელპო“ კორტზე მხოლოდ 2022 წელს დაბრუნდა, მაგრამ არც ფსიქოლოგიურად და არც ფიზიკურად ის დიდი ჩოგბურთის სათამაშოდ მზად უკვე აღარ იყო.

ტრავმების გამო დელ პოტრომ ჩოგბურთის ელიტაში ადგილი ვერ დაიმკვირდა, მაგრამ შეუპოვრობითა და მოკლეხნიანი გამონათებებით არგენტინელმა მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავი, ხოლო მისი ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტრავმებმა სპორტსმენის კარიერაზე.

„მე დავკარგე შესაძლებლობა, მეკეთებინა ის, რაც ყველაზე მეტად მიყვარს - მეთამაშა ჩოგბურთი. ყოველდღე ვეძებ ახალ ექიმებს, მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ ამას ვეღარ გავუმკლავდები. ამაზე ფიქრისას ვბრაზდები და თავს უძლურად ვგრძნობ, იმიტომ რომ ვერაფერს ვცვლი“.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დელ პოტრო ჯოკოვიჩმა გააცილა - არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩი
დელ პოტრო ჯოკოვიჩმა გააცილა - არგენტინელის გამოსამშვიდობებელი მატჩი