თაობა, რომელმაც ისტორია დაწერა - სად არიან დღეს 2006 წლის ბარსელონას გმირები
პარიზის იმ ღამიდან ორი ათწლეულის შემდეგ, 2006 წლის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ბარსელონას გავლენა საფეხბურთო სამყაროს ყველა კუთხეში და ბევრ ისეთ ცხოვრებაშიც გავრცელდა, რომელსაც გასახდელთან უკვე აღარანაირი კავშირი აღარ აქვს.
იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2006 წლის 17 მაისს არსენალი 2:1 დაამარცხა, აქტიური ფეხბურთელი მხოლოდ ლიონელ მესი დარჩა. ის ახლა 38 წლისაა, ინტერ მაიამიში თამაშობს და კვლავ არგენტინის ნაკრების წევრია.
მაშინ კი მხოლოდ 18 წლის იყო — ტრავმის შემდეგ ბრუნდებოდა, მას შემდეგ რაც მერვედფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა, თუმცა ფინალი გამოტოვა. იმ პერიოდში სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ შვიდი ფეხბურთელის ყოფნა შეიძლებოდა, ამიტომ ის განაცხადშიც კი ვერ მოხვდა.
იმ ისტორიული გუნდიდან ბარსელონას ორი ფიგურა დღესაც ჰყავს. დეკუ სპორტული დირექტორია, ხოლო ჯულიანო ბელეტი ბარსას ახალგაზრდულ გუნდს წვრთნის. ის სამუდამოდ ინახავს იმ გოლს, რომელმაც ფინალის ბედი გადაწყვიტა - გარბენი მარჯვენა ფლანგიდან, ძალიან მახვილი კუთხე და დარტყმა, რომელმაც ბურთი მანუელ ალმუნიას ფეხებს შორის გაატარა.
სათადარიგოთა სკამი იმ თაობის ბევრისთვის ბუნებრივი გაგრძელება აღმოჩნდა. ჩავი ერნანდესი, რომელმაც „ბარსელონას“ მწვრთნელის რანგში 2022/23 წლების ლა ლიგა მოიგო, ახლა ახალ გუნდს ელოდება — ისევე როგორც ვიქტორ ვალდესი, ტიაგო მოტა, გაბრი გარსია, მარკ ვან ბომელი და ჰენრიკ ლარსონი.
სხვები? მაგალითად რაფაელ მარკესი მექსიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და მომავალ მთავარ მწვრთნელად განიხილება. ჯოვანი ვან ბრონხორსტი ლივერპულში არნე სლოტის დამხმარეა.
სილვინიო ალბანეთის ნაკრებს ხელმძღვანელობს. სამუელ ეტო’ო კვლავ ფეხბურთშია, თუმცა უკვე დიდი ინსტიტუციური ძალაუფლების მქონე ოფისიდან — ის კამერუნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

ოლეგერ პრესასმა ფეხბურთთან თავისი კავშირი სოციალურ სფეროში გადაიტანა. ის საბადელში დაფუძნებული La Caserna Football School-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მწვრთნელია — ეს 2017 წელს შექმნილი საბაზისო, თვითმართული პროექტია. მისი ფილოსოფია ეფუძნება ფეხბურთის განცდას კონკურენტული წნეხის გარეშე, სადაც შედეგებზე მეტად ადამიანური მხარე დგას წინ და ასევე გენდერული სტერეოტიპების უარყოფას ითვალისწინებს.
მან ასევე წამოიწყო Hope League — ინიციატივა, რომელიც ფეხბურთს ერაყსა და სირიაში მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტად იყენებდა.
ედმილსონი მსგავს გზას მიჰყვება ბრაზილიაში: მან დააფუძნა SKA Brasil — მოკრძალებული კლუბი, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზეა ორიენტირებული და აქტიურად აგრძელებს საქმიანობას საკუთარი ფონდის მეშვეობით.
ანდრეს ინიესტა იმ თაობიდან ყველაზე ბოლოს წავიდა ფეხბურთიდან და ახლა დროს ახალ პროექტებს, სამწვრთნელო საქმიანობასა და ელჩის როლს უთმობს. მაგალითად, ის ინვესტიციას დებს NSN Cycling Team-ში.
კარლეს პუიოლი და რონალდინიო ასევე სხვადასხვა ბრენდისა და ინსტიტუციის ელჩებად მუშაობენ.
ლიუდოვიკ ჟული და მაქსი ლოპესი ტელევიზიაშიც ხშირად ჩანან — ან ანალიტიკოსების როლში, ან სტრიმინგ-პროგრამების მუდმივ სტუმრებად.

ფრენკ რაიკაარდმა კი წლების წინ სრულიად განსხვავებული გზა აირჩია: დატოვა სამწვრთნელო საქმიანობის წნეხი და ყურადღების ცენტრსაც ჩამოშორდა.
თუმცა ის პარიზის გამარჯვებული „ბარსას“ თაობა დღემდე ყველგან ჩანს — ოფისებში, საწვრთნელ ბაზებზე, ფედერაციებში, კომპანიებში, სატელევიზიო სტუდიებსა და ისეთ პროექტებში, რომლებიც კამპ ნოუსგან ძალიან შორს დაიბადა..