დონჩიჩის რეკორდი მოხსნილია - სან ანტონიოს ოკლაჰომა ელოდება
„სან ანტონიომ“ კარგად დაწყებული საქმე ლოგიკურად დააგვირგვინა და „მინესოტას“ დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია 4:2 მოუგო. სერიის მეექვსე შეხვედრაში ვიქტორ ვემბანიამამ და მისმა თანაგუნდელებმა „ტიმბერვულვზი“ სტუმრად 4:2 დაამარცხეს, თუმცა ამჯერად მოწინავე პოზიციაზე არა ფრანგი კალათბურთელი, არამედ მისი თანაგუნდელი სტეფ კასტლი აღმოჩნდა. „სპურსის“ 21 წლისა და 197 დღის მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც პლეი ოფის ერთ მატჩში 30-ზე მეტი ქულა, 10-ზე მეტი მოხსნა და 5-ზე მეტი პასი მიითვალა, რითაც რამდენიმე წლის წინ ლუკა დონჩიჩის მიერ დამყარებული (22 წლის, 83 დღის) რეკორდი დაამხო.
კასტლმა პარკეტზე გატარებულ 30 წუთში 32 ქულა, 11 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მან შვიდიდან ხუთი სამქულიანი, ცხრიდან ექვსი ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. რვიდან სამი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო. რაც შეეხება ვემბანიამას, „სან ანტონიოს“ ფრანგმა ვარსკვლავმა 27 წუთში 19 ქულას, 6 მოხსნას, 2 ასისტსა და 3 დაფარებას მოუყარა თავი, ხოლო „მინესოტას“ რიგებში გამორჩეული 36 წუთში 24 ქულის, 2 მოხსნის, 2 პასისა და 3 ჩაჭრის ავტორი ენტონი ედვარდსი იყო.
ცნობისათვის, „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში 9-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა - 2017 წელს „სპურსი“ „გოლდენ სტეიტთან“ სერიაში 0:4 დამარცხდა. ამჯერად ტეხასელების მეტოქე „ოკლაჰომა“ იქნება და ექსპერტებმა დასავლეთის გადამწყვეტი მატჩი ნაადრევ ფინალად შეაფასეს. აქვე გეტყვით, რომ შეი გილჯეს-ალექსანდერმა და კომპანიამ „ფინიქსი“ და „ლეიკერსი“ სერიაში 4:0 დაამარცხეს და რამდენად გამოუვათ „სან ანტონიოსთანაც“ იგივეს გაკეთება, მალე გამოჩნდება.