ბითაძე და მამუკელაშვილი | ბოსტონ სელტიქსს ქართველი კალათბურთელები ურჩიეს
ავტორიტეტულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა, „ბოსტონ სელტიქსზე“ დაწერა და დაასახელა კალათბურთელები, რომელთა დამატებაც გუნდს გააძლიერებს. სტატიაში ორი ქართველი მოთამაშეა ნახსენები — „ბოსტონს“ სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე ურჩიეს.
„კარიერის საუკეთესო სეზონი ჰქონდა და მეტოქე გუნდის დაცვის გაწელვა შეუძლია. საკუთარი სამწამიანის საუკეთესო დამცველი არ არის, მაგრამ როდესაც გუნდი დაბალი ხუთეულით თამაშობს, შეუძლია, თანაგუნდელებს სივრცე გაუთავისუფლოს“, — წერს Sports Illustrated მამუკელაშვილზე.
„ორლანდოს მსროლელი სჭირდება, ბოსტონს — სიმაღლე. თუ ბოსტონმა პერიმეტრზე კარგად მოთამაშე კალათბურთელი დაიმატა, ბითაძე კეტას შემცვლელად კარგი ვარიანტი იქნებოდა“, — აცხადებს ავტორი გოგაზე.
ცნობისთვის, მამუკელაშვილი ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და „ბოსტონს“ მისთვის კონტრაქტის შეთავაზება შეეძლება. რაც შეეხება ბითაძეს, მას „ორლანდოსთან“ კონტრაქტი აკავშირებს და „სელტიქსს“ მოუწევს, „მეჯიქი“ გაცვლაზე დაითანხმოს.
როგორც მოგეხსენებათ, „ბოსტონმა“ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფის პირველ რაუნდში „ფილადელფია სევენთი სიქსერსს“ დაუპირისპირდა. „სელტიქსი“ 3:1-ს იგებდა, მაგრამ ჯოელ ემბიდის დაბრუნების შემდეგ „ფილამ“ გარდატეხა შეიტანა და 4:3 მოიგო.