„სამყაროს დასასრული არ იქნება, მაგრამ...“ | დენი მერფი კვარასა და არსენალზე
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ, „პარი სენ-ჟერმენისა“ და „არსენალის“ ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა. „მეთოფეებს“ მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემები აქვთ: ბენ უაითის თამაში გამორიცხულია, იურიენ ტიმბერის კი — საეჭვო.
ინგლისურ პრესაში იწერება, რომ არის შანსი, მიკელ არტეტამ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ მარჯვენა მცველად კრისტიან მოსკერა დააყენოს. მერფი სწორედ ამ იდეას გამოეხმაურა და „კვარას“ მსოფლიოში საუკეთესო გარემარბი უწოდა.
„მოსკერა მცველია, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა. მას შეუძლია მარჯვენა ფლანგზე დადგეს, ამ პოზიციაზე ეფექტური იყოს და ერთი ერთზე სიტუაციებში კარგად ითამაშოს. სამყაროს დასასრული არ იქნება, თუ მოსკერას მარჯვნივ დააყენებენ, მაგრამ არსენალისთვის ხელსაყრელი ვითარება ნამდვილად არ შეიქმნება.
ხვიჩა კვარაცხელია ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო გარემარბია. იგი საოცარი ფიზიკური მონაცემებით, ძალითა და ბრწყინვალე საფეხბურთო ინტელექტით გამოირჩევა. მან იცის, ტემპს როდის უნდა მოუმატოს და ბურთი როდის შეინარჩუნოს. მეტოქეების ჩამოშორება მას შესანიშნავად გამოსდის.
კვარაცხელიას შეუძლია ორივე ფლანგზე ითამაშოს, ეს კი იმ უნივერსალურობას, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდს ახასიათებს, კარგად ასახავს. არის მომენტები, როდესაც ხვიჩა მარჯვნივაა, შემდეგ კი მარცხნივ გადადის და პოზიციას დემბელეს ან დუეს უცვლის. მათ წინააღმდეგ თამაში არსენალისთვის სერიოზული გამოწვევაა. არტეტას გუნდს ფენომენალური თამაშის ჩვენება მოუწევს, რათა სასურველი შედეგი დააფიქსიროს“.
ცნობისთვის, ახლახან ინგლისურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტიმბერი თავს უკეთესად გრძნობს და არის შანსი, მან „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს.