„დერბი ყოველთვის განსაკუთრებული მატჩია“ - ენრიკე პარიზთან მატჩის წინ
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ის დასკვნითი ტურის მატჩისთვის ემზადება. ლუის ენრიკეს გუნდი „პარიზს“ დაუპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ესპანელმა სპეციალისტმა პარიზული დერბის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ვერც ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს აუარა გვერდი.
ლუის ენრიკე:
„ლანსთან“ მატჩისთვის ისე ვემზადებოდით, როგორც სხვა გასვლითი მატჩებისთვის, იმიტომ რომ გასვლითი მატჩები ყოველთვის რთულია, და ყველამ კარგად დაინახა, რომ ორივე გუნდი მაღალ დონეზე თამაშობს.
„პარიზთან“ დერბი ლიგა 1-ის ბოლო მატჩია. უკვე ჩემპიონები ვართ, მაგრამ ჩვენი მიზანი ხვალაც გამარჯვება იქნება. ეს დერბია, ამიტომ ჩემპიონების სტატუსს უნდა შევესაბამებოდეთ. მიხარია, რომ გასვლით მატჩს ასე ახლოს ვთამაშობთ. სტადიონების სიახლოვე ამ მატჩს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. „პარიზმა“ ლიგა 1-ში დარჩენა დაიმსახურა, მათ კარგი გუნდი ჰყავთ.
ეს სეზონი უჩვეულო იყო, რაზეც არაერთხელ მისაუბრია. ვამაყობ იმით, რომ სწორი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. „ლანსსაც“ კარგი სეზონი ჰქონდა და სწორედ ამან გაგვირთულა საქმე.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ძალიან მნიშვნელოვანია - მაგალითად, მე როგორც ფეხბურთელს ასეთი ბედნიერება არასოდეს მქონია. თუმცა ჯერ ხვალინდელ მატჩზე ვართ ფოკუსირებულები. მოსამზადებლად ორი კვირა გვექნება, რაც საკმარისია ტაქტიკური დეტალების დასახვეწად როგორც შეტევაში, ისე დაცვაში. ჩვენი მთავარი მიზანია, ფეხბურთელები ფინალს რაც შეიძლება კარგ ფიზიკურ ფორმაში შეხვდნენ. ვართ თუ არა ფავორიტები? ფინალში ფავორიტი არ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში პსჟ-მა „ლანსს“ მოუგო და ლიგა 1-ის ჩემპიონი გახდა. რაც შეეხება ხვალინდელ მეტოქეს, „პარიზს“, ის უმაღლეს დივიზონში სადებიუტო სეზონს ატარებს და 41 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 პოზიციაზეა. პარიზული დერბი ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.