კონტრაქტის დეტალები ცნობილია | მამუკელაშვილი ლეიკერსში ითამაშებს
ESPN-ის „ინსაიდერის'', შამს ჩარანიას ინფორმაციით,თავისუფალი აგენტი სანდრო მამუკელაშვილი კარიერას „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი/ცენტრი კლუბთან 4-წლიან, 52 მილიონ დოლარად შეფასებულ ხელშეკრულებაზე შეთანხმდა. კონტრაქტი მოიცავს მოთამაშის ოფციასაც მეოთხე სეზონისთვის.
როგორც ESPN-ის წყაროები იტყობინებიან, ეს არის სრულად გარანტირებული მსხვილი გარიგება, რომელიც სააგენტო Priority Sports-ის წარმომადგენლებმა, ჯორჯ რუსაკისმა და მარკ ბარტელშტეინმა გააფორმეს.
ცნობისთვის, „ლეიკერსში“ დიდი ცვლილებებია — გუნდი ლებრონ ჯეიმსმა და რუი ჰაჩიმურამ დატოვეს. ლოს-ანჯელესელთა მთავარი სამიზნე უოკერ კესლერი გახლავთ, რომელიც 24 წლის ცენტრია. კესლერი „იუტა ჯაზში“ თამაშობდა და შეზღუდული უფლებების მქონე თავისუფალი აგენტია, რაც ნიშნავს, რომ საბოლოო სიტყვა „იუტაზე“ იქნება. ლებრონის წასვლის შემდეგ გუნდის ლიდერი ლუკა დონჩიჩია, მისი მთავარი დამხმარე კი — ოსტინ რივზი.
რაც შეეხება მამუკელაშვილს, რეგულარულ სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ასეთი იყო: 80 მატჩი, საშუალოდ 21.9 წუთი სათამაშო დრო, 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი, 0.8 ჩაჭრა და 0.5 ბლოკი.