რომელუ ლუკაკუ, იური ტილემანსი
Aa
Aa

დრამა სიეტლში - ბელგიამ სენეგალს 0:2-დან მოუგო და 1/8-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატზე 1/16-ფინალური მატჩები გრძელდება. ბელგიისა და სენეგალის მატჩში ნამდვილი დრამა ვიხილეთ. „წითელმა ეშმაკებმა“ 0:2-დან მატჩის მობრუნება და 3:2-ის მოგება შეძლეს.

სენეგალმა პირველ ტაიმში მეტოქეს ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობა და დამსახურებულადაც მოუგო. გოლის ავტორი ჰაბიბ დიარა გახდა, რომელმაც ისმაილა სარის თავურისა და ძელის შემდეგ გაიტანა. გარდა გოლისა, აფრიკელები გაცილებით გააზრებულად და მწვავედაც მოქმედებდნენ.

მეორე ტაიმიც სენეგალელების უპირატესობით დაიწყო და 51-ე წუთზე ისმაილა სარიმ ნიახიტეს დიდებული პასის შემდეგ უბადლოდ შეასრულა და აფრიკელები 2:0 დაწინაურდნენ.

ამის შემდეგ, თითქოს ბელგია განწირულს ჰგავდა, თუმცა ცვლილებაზე შესულმა ტომას მუნიემ, ასევე შესვლაზე შესულ რომელუ ლუკაკუს გადააწოდა და 86-ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითეს. 89-ე წუთზე სენეგალელთა მეკარემ მორი დიაუმ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და გამოსვლისას ბურთს ასცდა. ტროსარის პასის შემდეგ კი იური ტილემანსმა თავურით გაიტანა - 2:2.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამოკვეთილი უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია, თუმცა მენტალურად ბელგიელებს აშკარად უკეთესი მდგომარეობა ჰქონდათ, რაც დამატებითი მეორე ტაიმის ბოლოს (125-ე წუთი) იური ტილემანსის მოპოვებულ პენალტშიც გამოიხატა, რომელიც თავად კაპიტანმა შეასრულა და „წითელი ეშმაკები“ 3:2 დააწინაურა.

ამის შემდეგ მატჩი კიდევ გაგრძელდა და სენეგალმა საჯარიმოს ხაზზე ჯარიმის დარტყმის უფლება მიიღო, თუმცა სარის დარტყმული არაზუსტი გამოდგა - ბელგია 1/8-ფინალშია!

ბელგიელების მეტოქე ცოტა ხანში აშშ-სა და ბოსნიას შორის შეხვედრაში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები