ლაპორტა: ვიცით რაც სურს ალვარესს, შეთავაზებაც გავაკეთეთ, მაგრამ უსასრულოდ ვერ დავიცდით
ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ხულიან ალვარესს „ატლეტიკოდან“ „ბარსელონაში“ გადასვლა სურს და კატალონიურმა კლუბმა მადრიდელებს ყველა წესის დაცვით მიმართა.
„ბარსელონას პრაქტიკულად ნებისმიერი გარიგების განხორციელება შეუძლია, თუმცა ის გამართლებული უნდა იყოს როგორც სპორტული, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ თავად განვსაზღვრავთ ჩვენს სატრანსფერო პოლიტიკას. ატლეტიკოს ვესაუბრე და მკაფიოდ ავუხსენი, რა გვსურს. დეკუმ ოფიციალური წინადადება გააკეთა.
ვიცით, რომ ფეხბურთელს ბარსელონაში გადასვლა უნდა და ეს სურვილი საკმაოდ დიდი ხნის წინ გაუჩნდა. ეს წინადადება მადრიდული კლუბის მიმართ სრული პატივისცემით გავაკეთეთ.
გვიპასუხეს, რომ მოთამაშის გაყიდვას არ გეგმავენ, რადგან მისი შემცვლელი არ ჰყავთ. ჩვენს წინადადებას ძალაში იმდენ ხანს დავტოვებთ, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით. არ ვაპირებთ იმაზე ვიყოთ დამოკიდებული, რას გვეტყვიან. თუ გარიგების დადება მოუნდებათ, მხოლოდ მოხარულები ვიქნებით. მაგრამ ჩვენი წინადადება უსასრულოდ ძალაში არ იქნება“,
- განაცხადა „ბარსელონას“ პრეზიდენტმა.
ლაპორტა აპირებს, ხულიან ალვარესის ტრანსფერს ნებისმიერ ფასად მიაღწიოს.
როგორც ESPN იტყობინება, ლაპორტა თვლის, რომ არგენტინელის წინაშე ვალშია, მას შემდეგ, რაც მან კატალონიური კლუბის თხოვნა შეასრულა და „ატლეტიკოს“ დატოვების სურვილის შესახებ საჯაროდ განაცხადა.
მადრიდელების ბოლოდროინდელი საჩივარი ფიფა-ში „ბარსას“ წინააღმდეგ ლაპორტას საერთოდ არ ადარდებს. პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ კლუბი ახალ ფინანსურ რეალობაში ცხოვრობს და მისი ხელმძღვანელობაში დაბრუნების შემდეგ ეკონომიკური სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.