„ახალ ლეიკერსში მამუს მნიშვნელოვანი როლი ექნება“ - ტუღუში ისტორიულ ამბავზე
რამდენიმე საათის წინ ისეთი ამბავი მოხდა, რომელიც ქართული კალათბურთის ნებისმიერ გულშემატკივარს სიამაყით აავსებდა. სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან „ლეიკერსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მომდევნო 48 თვის განმავლობაში ანაზღაურების სახით 52 მილიონ დოლარს მიიღებს და სლოვენიელი ფენომენის, ლუკა დონჩიჩის მხარდამხარ იასპარეზებს.
რამდენად დიდი მიღწევაა სანდროსთვის და ქართული კალათბურთისთვის ეს ფაქტი და რა როლი დაეკისრება ლოს-ანჯელესის კლუბში 27 წლის ქართველ ლეგიონერს, ამის თაობაზე ვეტერანმა კალათბურთელმა და ბოლო წლების ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა Crystalsport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კოტე ტუღუში
„ლეიკერსი“ NBA-ში გამორჩეული ისტორიის მქონე და ლეგენდარული კლუბია და რა თქმა უნდა, ქართველი კალათბურთელის ასეთ გუნდში ასპარეზობა ძალიან დიდი ამბავი იქნება, რაც ყველას უზომოდ გაგვიხარდა. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის გახლავთ, რომ მამუს კონტრაქტის გაფორმებამ რამდენიმე დღით დაიგვიანა და ეს ყველაფერი შედარებით ადრე რომ მომხდარიყო, სანდრო საქართველოს ნაკრებს შეუერთდებოდა და როგორც უკრაინელებთან, ასევე ესპანელებთან დაეხმარებოდა.
ახლა მთავარი ის არის, რომ „ტორონტოს“ მსგავსად, მამუკელაშვილმა აქაც გაიბრწყინოს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი ყველას კიდევ ერთხელ აჩვენოს. სანდრო ისტორიულ გუნდში გადავიდა და ლებრონის სახით ლეგენდარულ მოთამაშესთან თამაში შესაძლოა არ მოუწიოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ „ლეიკერსმა“ ეს ცვლილებები სწორედ იმისათვის განახორციელა, რომ მომავალ სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს და დარწმუნებული ვარ, მამუ ყველაფერ ამაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ლებრონ ჯეიმსის გარეშე „ლეიკერსი“ სულ სხვა გუნდი იქნება. კი, გვინახავს, რომ მის არყოფნაში კალიფორნიელებს არაერთხელ უასპარეზიათ და „მეფის“ ნაცვლად თამაში საკუთარ თავზე სხვა კალათბურთელებს აუღიათ, იგივე დონჩიჩსა და სხვას. შესაძლოა მამუკელაშვილს მთავარი როლი არ დააკისრონ, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ექნება.
რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს მატჩს, ლატვიასთან მოგებული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ყველა ჩვენგანის მოლოდინი გაზრდილია. უკრაინელებთან ზედმეტი გადაჭარბების გარეშე რევანს ველი, რადგან თბილისში მათთან წასაგები თამაში არ გვქონდა. მჯერა, რომ სამწვრთნელო შტაბისგან სათანადო დასკვნები იქნება გაკეთებული და გავიმარჯვებთ, რაც მეორე შესარჩევ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება.
ცნობისათვის, სანდრო მამუკელაშვილის გარეშე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს, მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მეხუთე თამაშს გამართავს და რიგაში უკრაინა-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.