„პოზიციის შენარჩუნება დარღვევა არაა, მაგრამ...“ | კოლინა გერმანიის გაუქმებულ გოლზე
გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს პარაგვაისთან მარცხის შემდეგ გამოეთიშა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და „ბუნდესმანშაფტმა“ პენალტების სერიაში წააგო, მანამდე კი იყო ერთი ეპიზოდი, რომელსაც დიდი გამოეხმაურება მოჰყვა. დამატებით დროში იონათან ტამ გოლი გაიტანა, რომელიც ვალდემარ ანტონის ქმედების გამო გაუქმდა.
„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ეს გოლი უნდა ჩათვლილიყო. მისი თქმით, „არსენალმა“ პრემიერ ლიგის გასულ სეზონში გოლების 60 პროცენტი ასე გაიტანა. იმავე პოზიციაზეა იულიან ნაგელსმანიც, რის შემდეგაც FIFA-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელმა, პიერლუიჯი კოლინამ ახსნა-განმარტება გააკეთა.
„მიუხედავად იმისა, რომ პოზიციის შენარჩუნება თავისთავად წესების დარღვევას არ წარმოადგენს, როდესაც შემტევი ფეხბურთელი საერთოდ არ ინტერესდება ბურთით და განზრახ მოძრაობს, თუნდაც მინიმალურად, იმ მკაფიო მიზნით, რომ მეტოქეს გადაადგილებაში ხელი შეუშალოს და მას თავდაცვის საშუალება არ მისცეს, მაშინ მსაჯებმა, და საჭიროების შემთხვევაში VAR-მაც, ეს ეპიზოდი ყურადღებით უნდა გააანალიზონ და თამაშში ჩაერიონ
ეს განსაკუთრებით ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც აღნიშნული ტაქტიკა მიზნად ისახავს, მეტოქის მეკარისთვის დაცვის შესაძლებლობის წართმევას. მწვრთნელები და ფეხბურთელები ინფორმირებულები იყვნენ, ასე რომ, არავისთვის უნდა იყოს გასაკვირი, რომ მსაჯები ამგვარ დარღვევებს დასჯიან“.
შეგახსენებთ, რომ პარაგვაის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში საფრანგეთს დაუპირისპირდება, რომელმაც შვედეთი 3:0 დაამარცხა.