სენტ-ეტიენიდან წასვლა გადაწყვეტილია? - ზურიკოს შემცვლელი მოუძებნეს
„სენტ-ეტიენმა“ ზურიკო დავითაშვილს შემცვლელი უკვე მოუძებნა. ავსტრიული გამოცემა Kronen Zeitung-ის ინფორმაციით, „მწვანეები“ ქართველი შემტევის გაყიდვის შემთხვევაში ფსონს „ვოლფსბერგერის“ გარემარბ, ტიერნო ბალოზე გააკეთებენ.
გამოცემის ცნობით, ბალო, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ინგლისურ „მილუოლში“ თამაშობდა, უკვე დაბრუნდა „ვოლფსბერგერის“ განკარგულებაში და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. თუმცა, როგორც Kronen Zeitung-ისთვის ხდება ცნობილი, ავსტრიულ კლუბს 24 წლის ფეხბურთელის გაყიდვა სურს, რათა მომავალ წელს ის თავისუფალი აგენტი არ გახდეს.
ბალოს „ლასკის“, „ლევერკუზენის“, კიოლნის „ვიქტორიისა“ და ლონდონის „ჩელსის“ აკადემიები აქვს გავლილი, იჯარით ვენის „რაპიდში“ უთამაშია, 2022 წელს კი „ვოლფსბერგერს“ შეუერთდა. გასულ სეზონში ავსტრიელებმა ის „მილუოლში“ გაანათხოვრეს, სადაც მან 31 მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რის ფონზეც „მილუოლმა“ ბალოს გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენა.
Transfermarkt-ზე ტიერნო ბალოს საბაზრო ღირებულება 6 მილიონი ევროა, „სენტ-ეტიენის“ გარდა მისი დამატება ლიგა 1-ის წარმომადგენელ „ლე ჰავრსაც“ სურს, თუმცა, როგორც ავსტრიული პრესა იტყობინება, „მწვანეებს“ ფეხბურთელის გადაბირების უკეთესი შანსები აქვთ.
რაც შეეხება დავითაშვილს, მასთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად თურქული პრესა წერს. ბოლო ინფორმაციით, „ბეშიქთაშმა“ „სენტ-ეტიენს“ საქართველოს ნაკრების გარემარბის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.