2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება | ქეცბაია იბერიასთან გამარჯვების შემდეგ
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში დინამო თბილისმა დინამო არენაზე მოქმედ ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერს, იბერიას 2:0 მოუგო. გოლები ნანა კოფი დონკორისა და აბდულაიე იოროს ანგარიშზეა.
მატჩის შემდეგ დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა: „მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და 2-3 ფეხბურთელის დამატება მაინც დაგვჭირდება. მიხარია, რომ კარგი თამაშები მოვიგეთ, მათ შორის ლიდერებთან. იბერიასთანაც რთული თამაში გვქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ამ მატჩების მოგებას ვიმსახურებდით.
წარმატებული სერია ბიჭების დამსახურებაა და იმედია, ასეც გაგრძელდება. მთავარია სწორი ვარჯიში, საქმისადმი მიდგომა, ჟინი და ბრძოლა, რომლის გარეშეც წარმატებას ვერავინ მიაღწევს.
მადლობა გულშემატკივრებს, რადგან ხალხის ინტერესი გაიზარდა და იბერიასთან საკმაოდ ბევრი ადამიანი (6-7 ათასი) მოვიდა. თბილისში მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს და წესით, ეროვნულ ლიგაზე დინამოს მატჩებზე მეტიც უნდა დადიოდეს“.
თემურ ქეცბაიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ დინამო არ დამარცხებულა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა. იბერიასთან გამარჯვების შემდეგ დინამო თბილისი 21 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ იბერიას 3 ქულით ჩამორჩება.