ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

დემჩენკო: ჩვენი სტილია დომინაცია, როგორც პსჟ და არსენალი თამაშობს

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ, „იბერიას'' მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მედიასთან ისაუბრა.

ფლორასთან პირველ ტაიმში აგრესიულ თამაშზე

„ჩვენ მოგვწონს აგრესიული, შემტევი, დომინაციური ფეხბურთი, როგორც პსჟ და არსენალი თამაშობს. ისევ ასე ვგეგმავთ გაგრძელებას და ჩვენი სტილიდან გადახვევას არ ვაპირებთ''.

მეორე ტაიმის წარუმატებელ სტარტზე

„პირველი ტაიმის შემდეგ მოვდუნდით. ისევ ისე უნდა გაგვეგრძელებინა. ასე არ გამოვიდა, ამიტომაც ორი გოლი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ თამაშში დავბრუნდით და ისევ ის თამაში ვაჩვენეთ როგორც დავიწყეთ, რაც პირველ ტაიმში იყო''.

ტრავმირებულებზე

„მეტოქეს მატჩის წინ ინფორმაციას არ მივცემთ, მაგრამ რაც შეგვიძლია გითხრათ არის ის, რომ ლუკას კაფემ ტრავმა მოიშუშა და ჩვენთან ერთად ვარჯიშობს. შესაძლოა, ხვალ 90 წუთი არ ითამაშოს, მაგრამ გარკვეული დრო მიიღოს''.

მენტალური პრობლემა

ერთ-ერთი კითხვა მენტალიტეტთან დაკავშირებული იყო: „ფლორასთან’’ მატჩის შემდეგ თქვით, რომ ჩავარდნისას ქართული მენტალიტეტის პრობლემა დაინახა. თუ მოასწარით გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით?''

დემჩენკოს პასუხი: „ქართველი ფეხბურთელები ძალიან ნიჭიერები არიან, ჩვენ ვცდილობთ მენტალიტეტზე ვიმუშავოთ, თამაშიდან თამაშამდე გავძლიერდეთ და ეს მენტალიტეტი გამოვასწოროთ, თუმცა ეს საკითხი მარტო ქართველ ფეხბურთელებს არ ეხებათ, სხვა ქვეყნებშიც მიმუშავია, უკრაინაში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში... ყველგან ასეა, როცა რაღაც შედეგამდე მიდიხარ, შემდეგ ფეხბურთელები დუნდებიან. მოდუნება პრობლემაა, ამაზე ვმუშაობთ, რომ ყოველ შემდეგ თამაშზე უკეთესად გამოვიყურებოდეთ''.

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, „იბერია'' ესტონურ „ფლორას'' უმასპინძლებს. მატჩი ხვალ, 14 ივლისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. პირველი მატჩი „იბერიამ'' სტუმრად მოიგო (2:3) და საპასუხო შეხვედრის წინ მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

იბერიას პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები