პირველი ვარჯიში გამოტოვა - როდის დაუბრუნდება გულიაშვილი რასინგს
საქართველოს ნაკრების შემტევის, გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდმა პირველი ვარჯიში გუშინ, საკუთარ ბაზაზე ჩაატარა, თუმცა ქართველ ფეხბურთელს მონაწილეობა არ მიუღია.
კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გულიაშვილი სარეაბილიტაციო კურსს გადის და ჯერჯერობით, ფიტნესდარბაზში სპეციალური პროგრამით მოემზადება. ამ დროისთვის უცნობია, როდის დაუბრუნდება ქართველი ფეხბურთელი გუნდს, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ეს უახლოეს ორ კვირაში უნდა მოხდეს. დაზუსტებით შეიძლება იმის თქმა, რომ 24 წლის შემტევი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. 18 ივლისს, „რასინგი“ ტესტ-მატჩში სუბიეტაში „რეალ სოსიედადს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გულიაშვილმა ტრავმა 16 მაისს, „რეალ ვალიადოლიდის“ წინააღმდეგ მიიღო. ქართველ ფეხბურთელს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მას შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს გადის.
„რასინგი“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ეტაპს 7 აგვისტოს დაასრულებს, მანამდე კი 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. გულიაშვილის გუნდი ლა ლიგის ახალ სეზონს 16 აგვისტოს, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალის“ წონააღმდეგ მატჩით დაიწყებს.